50 ათასი ლარის, 50 ათასი ევროს და 50 ათასი დოლარის დანაზოგი ნაღდი ფულის სახით - რა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს წევრი

ვახტანგ ბურკიაშვილი

50 ათასი ლარის, 50 ათასი ევროს და 50 ათასი დოლარის დანაზოგი ნაღდი ფულის სახით, - ასეთია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვახტანგ ბურკიაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან მცირე ინფორმაცია.

ცნობისთვის, ბურკიაშვილი სებ-ის საბჭოს წევრად 2025 წლის თებერვალში აირჩიეს და ეს უფლებამოსილება მას 2032 წლის თებერვლამდე აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2018-2025 წლებში ის ეროვნულ ბანკში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციასაც იკავებდა. იქამდე კი 2015-2017 წლებში საქართველოს თანაისნვესტირების ფონდში მმართველი დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ვახტანგ ბურკიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მას ჰაყვს მეუღლე და ორი შვილი.

როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს საკუთარ სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ აქვს.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ვახტანგ ბურკიაშვილის მეუღლის საკუთრებაშია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანა Lexus UX200, რომელიც 2019 წელს 38 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ვახტანგ ბურკიაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა მხოლოდ 7.19 ლარი, 22.5 დოლარი და 30 ევრო.

თუმცა, დოკუმენტში მითითებულია, რომ სახელფასო ანგარიშზე 20 000 ლარის ოვერდაფტის ლიმიტიდან 13 362 ლარი ჰქონდა, ხოლო საკრედიტო 15 000 ლარის ლიმიტიდან 13 590 ლარი.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გასულ წელს ჰქონდა დანაზოგი ნაღდი ფულის სახით, რომლის ოდენობაც შეადგენდა - 50 000 ლარს, 50 000 ევროსა და 50 000 დოლარს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ვახტანგ ბურკიაშვილი არის შპს „მიო +“-ის 20%-ის უვადო მეწილე. თუმცა დეკლარაციაში განმარტებულია, რომ საწარმოს 2009 წლის შემდეგ არ უფუნქციონირია და სებ-ის საბჭოს წევრს შემოსავალი არასდროს მიუღია.

რაც შეეხება შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ვახტანგ ბურკიაშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოსტზე ხელფასის სახით ჯამში, 213 612 ლარი აქვს მიღებული. მისი მეუღლის შემოსავალმა კი გასული წლის განმავლობაში შპს „სოლუტივოს“ მენეჯერის პოზიციაზე 52 720 ლარი შეადგინა.

BPN