დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ტრანსპორტი აღმაშენებლის ხეივანზე აღარ გააჩერებს

ოკრიბა

თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, და პირიქით, მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს თბილისში მხოლოდ ერთი გაჩერების უფლება მიეცათ. აღნიშნულს ითვალისწინებს რეგულაცია, რომელიც 1-ელი იანვრიდან უკვე ძალაშია.

უფრო კონკრეტულად, ცვლილების მიხედვით, მგზავრთა გადაყვანის მიზნით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ გაჩერება აეკრძალა. მათ მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის მიზნით გაჩერება მხოლოდ ავტოსადგურ „ოკრიბასთან” შეეძლებათ.

აღნიშნულს “ბიზნესპრესნიუსთან” ადასტურებენ ის კომპანიები, რომლებიც დედაქალაქიდან დასავლეთის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას ავტობუსებით ახორციელებენ.

კერძოდ, „ომნიბუს ექსპრესში” განმარტავენ, რომ 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს ავტობუსების გაჩერებას აღმაშენებლის ხეივანზე.

„თუმცა, ორთაჭალის ავტოსადგურიდან მომავალი ტრანსპორტი, დამხვედრ მგზავრთა აყვანის მიზნით, გაჩერდება დიდუბეში, ავტოსადგურ “ოკრიბას” ტერიტორიაზე.

თბილისში შემოსული ავტობუსი კი გაჩერდება ჯერ “ოკრიბაში” და შემდეგ ორთაჭალის ავტოსადგურში”,- აცხადებენ კომპანიაში.

აღნიშნულს ადასტურებენ “მეტრო ჯორჯიაშიც”:

„ 1-ელი იანვრიდან დიღომში აღარ ჩერდება, ავტობუსი გამოდის ორთაჭალიდან და ჩერდება შემდეგ „ოკრიბაში”,- ამბობენ კომპანიაში.