დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი - კალაძე ₾700 მიონის გათეთრების საქმეზე

კახა კალაძე

„ეს ხომ ერთჯერადი შემოტანილი არაა? წლების განმავლობაში შემოდიოდა, როგორც წავიკითხე და მოვისმინეთ. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა კახა კალაძემ 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვერაფერს გეტყვით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ თანხის ძალიან დიდ ოდენობაზეა საუბარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი. დაანებეთ თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს, დაელოდეთ გამოძიებას და გამოძიება გასცემს ყველა კითხვაზე შესაბამის პასუხს. ეს ხომ ერთჯერადი შემოტანილი არაა? წლების განმავლობაში შემოდიოდა, როგორც წავიკითხე და მოვისმინეთ. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროკურატურა ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. პირი, რომელმაც 624 მლნ დოლარი და 35 მლნ ევრო გაათეთრა, პროკურატურის ვერსიით, მის საკუთრებაში არსებული, სებ-ის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ უკანონო ქსელი მოაწყო.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, მაგრამ უწყებას არც ამ პირის ვინაობა და არც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სახელი არ დაუსახელებია.

bm.ge