1757318400
„ემიგრაციას ყველაზე მეტად დაექვემდებარა სოფლის მოსახლეობა, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში“

სოფლებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მოსახლეობის აღწერიდან აღწერამდე, 10 წელიწადში, სოფლებიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა და მათმა ნაწილმა ან ქალაქებში გადაინაცვლა ანდა საერთოდ ქვეყანა დატოვა. ასეთი რეალობა სოფლებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
2014-წლიდან 2024-წლამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 6.3%-ით შემცირდა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგი. თუ 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით სოფლად 1 591 181 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წელს ეს რაოდენობა 1 490 900-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა მხოლოდ თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში გაიზარდა, დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა.
ბოლო წლების ტენდენცია ძალიან საყურადღებოა, ამიტომ სპეცილიასტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები, ისეთი, როგორიც მოსახლეობას სოფლად დაამაგრებს.
მოსახლეობის ქალაქად და საზღვარგარეთ მიგრირებაზე და სოფლებში ხალხის დამაგრებაზე ისაუბრა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ და განაცხადა, რომ სოფლის მოსახლეობაში აუცილებელია იმ სტანდარტების მიღწევა, რითაც ქალაქად მცხოვრებლები სარგებლობენ.
„ის, რომ ადგილი აქვს სოფლიდან მიგრაციას, როგორც მსხვილ ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ, ეს არ არის წმინდა ქართული ნოუ ჰაუ, რადგან გლობალური პროცესისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და აქ საქართველოს ეწერება.
90-იან წლებში გართულებულმა ვითარებამ, როდესაც ეკონომიკური კოლაფსს ჰქონდა ადგილი, წინა პლანზე წამოსწია სწორედ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის თვითგადარჩენის და თვითშენახვის ეგზისტენციური აუცილებლობა და ამით მოხდა, როგორც სოფლად, ისე ქალაქიდან მოსახლეობის დიდი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე, ადგილი ჰქონდა ქალაქად დეინდუსტრიალიზაციას, ხოლო სოფლად აგრარული წარმოების ეკონომიკური ფუნქციის დაკნინებას. ახლა მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავზარდოთ და მკვეთრად შემოვაბრუნოთ ტალღა.
სოფლად დარჩენილი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის აუცილებელია იმ სოციალური და საყოფაცხოვრებო სტანდარტების მიღწევა და დაცვა, რითაც სარგებლობენ ქალაქად მაცხოვრებლები ან კიდევ მოწინავე საბაზრო ეკონომისი ქვეყნები.
საყოფაცხოვრებო პირობების ადგილზე გაუმჯობესების ნაცვლად, ბევრი ადამიანი ცდილობს, იმ ქვეყნებს მიაშუროს, სადაც ცხოვრების დონე და შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია და ეს განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს შეეხება.
ემიგრაციას ყველაზე მეტად დაექვემდებარა სოფლის მოსახლეობა, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში და თუ ავიღებთ ოფიციალურ სტატისტიკას, აღმოჩნდება, რომ მართალია, ქალაქის მოსახლეობაც მცირდებოდა, მაგრამ კლების მასშტაბი ორჯერ უფრო უსწრებდა სოფლად, ქალაქის ანალოგიურ მაჩვენებელს. დღეისათვის, სოფლად ძალიან ბევრი ადგილია გაუკაცრიელებული, ხოლო ზოგიერთ რეგიონში მოახლოების მედიანური ასაკი გადასცდა ქალთა ზედა ფერტილური ასაკის დონეს, ანუ 49 წელს. ფაქტიურად, ასეთ რეგიონებში იბადება გაცილებით ნაკლები, ვიდრე იღუპება და ამისათვის საჭიროა აქტიური ღონისძიებების გატარება", - განუცხადა „რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.
ასეთი მდგომარეობა მეურნეობას ძალიან დიდ პრობლემას უქმნის, რადგან ზოგიერთ სოფელში მიწა ფაქტიურად არ მუშავდება, მოსახლეობის სიმწირის გამო.
პრობლემაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტმა ჯუმბერ ფანჩულიძემ და განაცხადა, რომ საქმე იმდენად მძიმეა, ძალიან რთულია ქართველი მუშა ხელის მოძიებაც.
„არაფრით არ შეიძლემა ამ საკითხით მოუგვარებლობა. ადრე, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, 2004 ან 2025 წელს, პროდუქციაზე ბაჟი მოხსნა და შედეგად შემოიტანეს დაბალი ხარისხის, იაფიანი და შხამქიმიკატებით სავსე საკვები, რამაც ადგილობრივი ფასები დააგდო, გლეხმა კი მოწეული პროდუქცია ვეღარ გაყიდა, ამიტომ მიატოვა მიწა, წავიდა ქალაქში ანდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დღეს კი გაბატონებული არის დისტრიბუციის მაფია, იმ პერიოდიდან დაწყებული დღემდე, რაც სახელმწიფომ ვერ დაარეგულირა.
სოფლის მეურნეობა მისახედია, რისთვისაც ხალხია საჭირო, მაგრამ მოსახლეობამ რა ქნას, არსებობა უნდა, ცხოვრება უნდა და მიდიან ქალაქებში ან საზღვარგარეთ ემიგრაციაში. შედეგად მუშა ხელი აღარ გვყავს და იმდენად ნაკლებობაა, რომ მშენებლობაზეც კი უცხოელები მუშაობენ. ქართველებს მუშაობა არასოდეს არ ეზარებოდათ, მაგრამ ანაზღაურება აღარ არის", - უთხრა ჯუმბერ ფანჩულიძემ „რეზონანსს".