„განხორციელდება 150 მლნ დოლარის ინვესტიცია“ – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდება

აეროპორტი

დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას.

„ხელშეკრულების ფარგლებში, Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია TAV-ი აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს. აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინვესტიცია უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - Groupe ADP-ს და კომპანია TAV-ს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2025 წელს როგორც ტურისტული ვიზიტების, ისე მგზავრების რაოდენობის თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო. გასული წლის განმავლობაში, განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტს შარშან 8,5 მილიონი მგზავრი სტუმრობდა. ესეც რეკორდული მაჩვენებელია“, - განაცხადა პრემიერმა.