ხელფასის დაბრუნება, გათავისუფლება, 2 წლით საჯარო სამსახურში დასაქმების აკრძალვა - რა ცვლილებები იგეგმება

ხელფასი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, 1-ელი აგვისტოდან საჯარო სექტორში დასაქმებული მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება.

ერთ-ერთი ინიციატორის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პირველი მოსმენის შემდეგ, შეიცვალა მრჩევლის განმარტება და კანონპროექტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდა ასეთი რედაქციით: „პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად, არსებითად მოიცავს სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირისთვის, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რჩევების მიცემას საჯარო სამსახურში მიიღება მრჩევლად“.

რა ცვლილებები იგეგმება საჯარო მოხელეებისთვის

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, იცვლება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონიც. კერძოც, ცვლილებები შედის საჯარო მოხელეების დასაქმების წესთან დაკავშირებით. შედეგად, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან საჯარო სამსახურში (გამონაკლისის გარდა) ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი გახდება.

კერძოდ, კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს არ ექნებათ უფლება დაიკავონ სხვა ანაზღაურებადი სამუშაო სხვა საჯარო სამსახურებში. თუმცა, გამონაკლისი იქნება სამეცნიერო, სასპორტო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობები. გარდა ამისა, მთავრობას ექნება უფლება, განსაზღვროს დამატებითი პროფესიები, რომელზეც კანონი არ გავრცელდება.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპებსა და სახელმწიფო საწარმოებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ ასრულებდნენ რაიმე სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, ეკავოთ აკადემიური თანამდებობა ან იღებდნენ სხვა სარგებელს მხოლოდ ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

რაც შეეხება სანქციებს, კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კანონით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად, პირი ორ სამსახურში კანონის საწინააღმდეგოდ დასაქმდება, ვალდებული იქნება დატოვოს ორივე თანამდებობა.

ამასთან, მას ორი წლით აეკრძალება საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება და იმ ხელფასის დაბრუნება მოუწევს ბიუჯეტში, რომელიც კანონის დარღვევის პერიოდში მიიღო.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი და იოსებ ჯორბენაძე.