1751441747
„მუშახელი გაძვირდა და გაძვირების პირობებშიც კი დეფიციტური გახდა“ - როგორია ანაზღაურება თხილის კრეფაზე

„მუშახელი გაძვირდა და გაძვირების პირობებშიც კი დეფიციტური გახდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ნათს ინკორპორეითედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლათათიამ განაცხადა.
ინფორმაციისთვის, თხილის მოსავლის აღების სეზონი ახლოვდება. სეზონს თხილის მწარმოებლები გაძვირებული და დეფიციტური მუშახელის პირობებში ხვდებიან.
ჩვენთან საუბრისას თორნიკე ლათათია აღნიშნავს, რომ მუშახელთან დაკავშირებული გამოწვევების პარალელურად, მოსავლის აღების პროცესი თანდათან მექანიზებული ხდება.
„შეიძლება ითქვას, რომ თხილის მოსავლის აღების ბოლო ფაზაში შევდივართ. აგვისტოს დასაწყისიდან უკვე დავიწყებთ მოსავლის აღებას. ახლა ნაყოფი დამსხვილების ეტაპზეა და ტერიტორიას ვასუფთავებთ იმ ბაღებისთვის, სადაც მოსავლის აღება უნდა მოხდეს მექანიზებულად. მოსავლის აღება საქართველოში ნაწილობრივ ხდება მუშახელის საშუალებით და ნაწილობრივ მექანიზებულად. ბოლო წლებში გააქტიურდა მოსავლის აღების პროცესში მექანიზებული საშუალებების წილი, იქიდან გამომდინარე, რომ მუშახელი გაძვირდა და გაძვირების პირობებშიც კი დეფიციტური გახდა. აღნიშნულის გამო, მეურნეობები თანდათან გადადიან მექანიზებულ აღებაზე. საშუალოდ ჩვენი სამიზნეა, რომ ადამიანები, რომლებიც თხილის აღებაზე იქნებიან დასაქმებული, მინიმუმ 50 ლარი გამოუვიდეთ დღიური ანაზღაურება“, - აღნიშნავს თხილის მწარმოებელი.
ფერმერი წელს დაახლოებით 2.5 ტონა მშრალი თხილის მოსავალს ელოდება. რაც შეეხება ფასებს, აქვს მოლოდინი, რომ საშუალოდ 1 კგ-ის ღირებულება 9 ლარის ფარგლებში იქნება.
„აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება მოსავლის ხელით კრეფა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან მექანიზებული აღება დაგვჭირდება. მექანიზებული აღება ხდება თხილის მიწაზე დავარდნის შემდეგ, შესაბამისად, თხილის სრულ დამწიფებას უნდა დაველოდოთ, რომ მექანიზებულ აღებაზე გადავიდეთ.
წელს ჩვენ ველოდებით 2.5 ტონა მშრალი თხილის მოსავალს. რაც შეეხება მოსავლის ფასს, შარშანდელი წელი დაიწყო შედარებით დაბალი ფასით და პერიოდის ბოლოს 10-15%-ით მოიმატა, წელს ვფიქრობთ, რომ ახალი მოსავლის ფასი დაახლოებით 9 ლარის დიაპაზონში იქნება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ თორნიკე ლათათიამ.