პოლიციელთა საშუალო ანაზღაურება 375 ლარით გაიზრდება და 1 810 ლარი გახდება 2027 წელს - გეგმა

პოლიცია

პოლიციელთა საშუალო ანაზღაურება 375 ლარით გაიზრდება და 1 810 ლარი გახდება 2027 წელს, - ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2025 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საბაზისო 2021 წელს პოლიციელთა საშუალო შრომის ანაზღაურება 1 435 ლარი იყო.

მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 1685 ლარი იყო; 2027 წელს საშუალო ანაზღაურება საბაზისო 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 375 ლარით გაიზრდება და 1 810 ლარი გახდება, ხოლო 2030 წლისთვის დაგეგმილია, რომ პოლიციელის შრომის საშუალო ანაზღაურება 625 ლარით გაიზარდოს და 2 060 ლარს გაუტოლდეს.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, მთავრობა გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. კერძოდ, ამ გეგმის თანახმად, 2023 წელს უწყებას 329 განახლებული შენობა-ნაგებობა; 147 ახალაშენებული შენობა ექნება. განახლდება სამინისტროს ავტოპარკიც. კერძოდ, გეგმის თანახმად, 2023 წელს სამინისტროს მფლობელობაში არსებულ ავტოპარკს 3 000 ახალი ავტომობილი ექნება.

დოკუმენტში მიმოხილულია უწყებიდან კვალიფიციური ადამიანური რესურსის გადინების მაჩვენებელი. საბაზისო 2021 წელს ეს მაჩვენებელი იყო 4%; 2025 წელს დაგეგმილია მისი შემცირება 3.4%-მდე, 2030 წელს კი მთავრობის გეგმის თანახმად, გადინების მაჩვენებელი 30%-ით უნდა შემცირდეს და 2.8%-ს უნდა გაუტოლდეს.

მთავრობის დოკუმენტის თანახმად, გაიზრდება შსს-ს აკადემიაში წლიურად გადამზადებულ მსმენელთა რაოდენობაც. საბოლოო 2030 წლისთვის მათი 50%-ით 4 552 მსმენელამდე ზრდა არის დაგეგმილი.