რა არის ევროპული ახალგაზრდული ბარათი, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის შემოდგომიდან გახდება ხელმისაწვდომი

ევროპული ახალგაზრდული ბარათი

„შემოდგომიდან ქართველი ახალგაზრდები ევროპული ახალგაზრდული ე.წ. შესაძლებლობების ქარდის აღებას შეძლებენ,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც Europeanyouthcard.ge-დან (EYCA) ვგებულობთ, ამჟამად საბარათე ქსელში 9.3 მლნ-ზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული.

რა არის ევროპული ახალგაზრდული ე.წ. შესაძლებლობების ბარათი?

ევროპული ახალგაზრდული ბარათი არის ახალგაზრდებისთვის შექმნილი შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას აერთიანებს. ამჟამად EYCA-ს ქსელში 9.3 მილიონზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული, რომლებიც ბარათის მეშვეობით კონტინენტის მასშტაბით ათასობით ფასდაკლებით სარგებლობენ ტურიზმის, განათლების, გართობის, ტრანსპორტის, კვებისა თუ რეკრეაციის სერვისებზე.

ბარათს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს. ესპანეთში - Carnét Joven, შოტლანდიაში Young Scot Card, იტალიაში Carta Giovani. ანუ, თუ თქვენს ბარათზე European Youth Card-ის ლოგოა გამოსახული, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ათასობით შესაძლებლობით ყველა წევრ ქვეყანაში.

როგორ მივიღოთ ევროპული ახალგაზრდული ბარათი?

ბარათის მისაღებად სტუდენტად ყოფნა აუცილებელი არ არის. საკმარისია, 31 წლამდე ასაკის ახალგაზრდა იყოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ქვეყანაში აღნიშნული საბარათე მხარდაჭერა არ არის, მისი მიღება შეგიძლიათ მაშინ, როცა 40-დან რომელიმე ქვეყანაში მოხვდებით, სადაც ეს სისტემა მხარდაჭერილია.

ბარათი, ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ფასი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. თუმცა, როგორც European Youth Card-ის საიტზეა მითითებული, მისი გახსნა 14 ევრო დაგიჯდებათ.

რეგისტრაციისთვის მარტივი მონაცემების შეყვანაა საჭირო: სახელი და გვარი ინგლისურად, სახელი და გვარი ქართულად, მისამართი, დაბადების თარიღი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ელექტრონულ ბარათს უნიკალური კოდით და ათასობით ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელი გახდება. ამისთვის სპეციალური ფორმა საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია, რომ European Youth Card Association-ის ვებ-გვერდზე უკვე გაჩნდა საქართველოს განყოფილებაც, სადაც წერია, რომ სიახლე ქართველ ახალგაზრდებს ევროპის მასშტაბით წარმოუდგენელი შესაძლებლობებისკენ უხსნის კარს.

ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ამ ბარათით სარგებლობა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოში სხვადასხვა ობიექტებშიც შეეძლებათ.

„თუ თქვენ უკვე ხართ EYC ბარათის მფლობელი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებებით თბილისში ისეთ მომსახურებაზე, როგორიცაა ჩოგბურთის კორტების დაქირავება, მუზეუმის ბილეთები, სამუშაო სივრცეები და ა.შ.“ - წერია საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ამ ევროპული ახალგაზრდული ბარათის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს ისაუბრა.

„თბილისი მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია. იმისთვის რომ პროგრამა ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, მერია და ბანკი ერთად უზრუნველყოფენ რომ ამ შესაძლებლობით რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლოს.

ეს ბარათი გახდება საქართველოში 1-ლი ფასდაკლების შესაძლებლობის ქარდი, რომელიც არამხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ 30 წლამდე ახალგაზრდას მისცემს ხელშესახებ ბენეფიტს მათი ცხოვრების წესის გამრავალფეროვნებისთვის.

ბარათების ფართო მასშტაბით გაცემა 2025 წლის შემოდგომიდან დაიწყება და მომდევნო დღეებში უფრო დეტალურად მოგაწვდით ინფრომაციას ამ პროგრამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.