მორიგი ტრენდული სათამაშო: ჩაანაცვლებს Wakuku ლაბუბუს?

მსოფლიო 1752489624
Wakuku

ჩინურ ბაზარზე პოპულარულ სათამაშო ლაბუბუს კონკურენტი გამოუჩნდა - ახალი ფუმფულა სათამაშო, სახელწოდებით ვაკუკუ (Wakuku) ახალგაზრდა მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ბიუჯეტურ ლაბუბუს".

ვაკუკუს პერსონაჟი ჩინურმა კომპანია Letsvan-მა 2022 წელს შექმნა, მასობრივ ბაზარზე კი 2024 წლიდან გაუშვა. სათამაშომ პოპულარობა მალევე მოიპოვა. მაგალითისთვის, 2024 წლის მარტში, ვაკუკუს პანდა ვერსიის ჩაშვებამ ექსკლუზიურად მხოლოდ პეკინში, Miniso Land-ის ერთ ფილიალში, მაღაზიის შემოსავალი 90%-ით გაზარდა. მოგვიანებით კი, Miniso Space-ის ახალი ფილიალის გახსნაზე ვაკუკუს მოდელები ორ საათში სრულად ამოიყიდა.

Popmart-ის ცნობილი პროდუქტის მსგავსად, ვაკუკუს სათამაშოებიც მისტიკური ყუთის ფორმატში იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველმა წინასწარ არ იცის, რომელი დიზაინის მქონე სათამაშო მიაქვს სახლში. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს როგორც ლაბუბუს, ასევე ვაკუკუს ირგვლივ ინტრიგისა და მღელვარების გრძნობას.

ვაკუკუს სათამაშოები პატარა ზომისაა და მათი გამოყენება ჩანთის აქსესუარადაც შეიძლება, რაც პროდუქტს დამატებით ფუნქციას აძლევს.

რაც მთავარია, ლაბუბუს სათამაშოები, რომლებსაც ექსკლუზიურად PopMart ყიდის, ხშირად ხელმისაწვდომი არ არის და არც იაფი ღირს. გადამყიდველები კი სათამაშოს რამდენიმე ასეულ დოლარად ყიდიან. ვაკუკუს შემთხვევაში მისტიკური ყუთი $10-20 დოლარი ჯდება, რაც მას ლაბუბუს უფრო ბიუჯეტურ ალტერნატივად აქცევს.