1752579533
ყველაზე მასშტაბური საიუველირო ძარცვა აშშ-ში - ზარალი $100 მილიონია

აშშ-ის ისტორიაში სამკაულების უმსხვილეს ძარცვასთან დაკავშირებით შვიდი სამხრეთ კალიფორნიელი მამაკაცი ბრალდების წინაშე წარდგა — ამის შესახებ ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს.
დამნაშავეები, რომლებიც ლოს-ანჯელესის მიმდებარე რაიონებში ცხოვრობენ, ბრალდებულნი არიან, 2022 წლის ივლისში შეიარაღებული სატვირთოდან დაახლოებით $100 მილიონის ღირებულების ოქროს, ბრილიანტების, რუბინების, ზურმუხტებისა და ძვირად ღირებული საათების მოპარვაში. ნათქვამია კალიფორნიის ცენტრალური ოლქის აშშ-ის პროკურორის განცხადებაში.
ბრალდებულები ორი მუხლით წარდგნენ: შეთქმულება აშშ-ის შიგნით უცხოეთიდან გადაზიდვის დროს ქურდობის ჩადენისთვის და თავად აღნიშნული ქურდობა.
ბრალდებულები არიან:
- კარლოს ვიქტორ მესტანზა სერკადო, 31 წლის
- ჯაზაელ პადილა რესტო, 36 წლის
- პაბლო რაულ ლუგო ლაროიგი, 41 წლის
- ვიქტორ უგო ვალენსია სოლორზანო, 60 წლის
- ხორხე ენრიკე ალბანი, 33 წლის
- ჯესონ ნელონ პრესილია ფლორესი, 42 წლის
- ედუარდო მასიას იბარა, 36 წლის
პროკურატურის განცხადებით, ამ მამაკაცებიდან ხუთს დამატებით ბრალი ორ მუხლზე წაუყენეს: ვაჭრობაზე თავდასხმის გზით ზემოქმედების მიზნით შეთქმულება და თავდასხმა.
ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ჰყავთ თუ არა ბრალდებულებს ადვოკატები, რომლებიც მათ წარმომადგენლობას განახორციელებენ.
ბრალდების დოკუმენტის თანახმად, პადილამ 2022 წლის 8 ივლისს სან-მატეოში (სან-ფრანცისკოს სამხრეთით) ჩატარებული საერთაშორისო სამკაულების გამოფენა დაათვალიერა. ორი დღის შემდეგ, მან და სხვა პირებმა დაიწყეს კომპანია Brinks-ის სატვირთო მანქანის თვალთვალი, რომელიც სან-მატეოდან ცენტრალური ველის ქალაქ ბატონვილოუში და შემდეგ ლებეკში (ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით) მიემართებოდა. სატვირთოში 73 ჩანთა იყო, რომლებშიც მილიონობით დოლარის ღირებულების სამკაული იყო.
ბრალდების თანახმად, 2022 წლის 11 ივლისს შვიდმა ბრალდებულმა სატვირთოდან ორი ათეული ჩანთა მოიპარა.
დაკონკრეტებული არ არის როგორ მოახერხეს ბრალდებულებმა სატვირთო მანქანაში შეღწევა. არც კომპანია Brinks-ი და არც პროკურატურის წარმომადგენელი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ძარცვის შემდეგ, ჯგუფი მოპარული ნივთებით აღმოსავლეთ ჰოლივუდში გადავიდა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულთა უმეტესობამ მომდევნო დღეებში ის ტელეფონები გათიშა, რომლებსაც ძარცვის დაგეგმვისას იყენებდნენ.
დაზარალებულთა ინფორმაციით, მოპარული ნივთების საერთო ღირებულება $100 მილიონს შეადგენდა. პროკურატურის ცნობით, ნაწილის პოვნა მოხერხდა, როდესაც ჩატარებული ჩხრეკებისას სამართალდამცველებმა სამკაულები ამოიღეს. თუმცა ამ ნივთების ზუსტი ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია, ისევე როგორც ის, თუ სად გაქრა დანარჩენი სამკაულები.
გარდა ამისა, რამდენიმე დამნაშავეს წაუყენეს ბრალდება ასევე ასობით ათასი დოლარის ღირებულების Samsung-ის ელექტრონიკისა და თითქმის 60,000 დოლარის Apple-ის AirTag-ების მოპარვაშიც. ეს დანაშაულები, პროკურატურის ცნობით, 2022 წელს, სამკაულების ძარცვამდე მოხდა.