რა ქონებას ფლობს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც სხვების ქონებრივ დეკლარაციებს აკონტროლებს

რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 აპრილს შეავსო. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა, 2023 წლის თებერვალში შესაბამისი კომისიის მიერ შეირჩა და 6 წლის ვადით დაინიშნა.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, მას ეკუთვნის 452 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი ქუთაისში რომელიც 2021 წელს აჩუქეს; ასევე, 91.93 კვ.მ. ფართის ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს 85 000 აშშ დოლარად შეიძინა; 1766 კვ.მ. ფართობის მიწა წყალტუბოში, რომელიც 2021 წელს ჩუქებით გადაეცა; ავტოფარეხი, რომელიც 2017 წელს 10 000 აშშ დოლარად შეიძინა და 16 კვ.მ. სარდაფი, რომელიც 2022 წელს 4000 აშშ დოლარად იყიდა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დოკუმენტის მიხედვით, რაჟდენ კუპრაშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 85 ევრო და 12 927 ლარი ჰქონდა. რაჟდენ კუპრაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში უფიქსირდება ჯამში, 45 010 ლარის ოდენობის ორი სამომხმარებლო სესხი, რომლის დასაფარადაც 2024 წელს 19.4 ათას ლარზე მეტი აქვს გადახდილი.

ამასთან, მანვე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციაზე გასულ წელს ხელფასის სახით 96 238 ლარი მიიღო.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა. რეფორმამ აღნიშნული სამსახურის ქვეშ გააერთიანა კორუფციის პრევენციის მექანიზმები. ამასთან, კანონის შესაბამისად, ბიურო უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, მის შენახვას, მონიტორინგსა და საჯაროობას და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას. აღსანიშნავია, ისიც რომ სწორედ ეს ბიურო არის პასუხისმგებელი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (ე.წ. FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების განხორციელებაზეც.