რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც ცნობილია, აღნიშნული პოსტი ალექსანდრე წულაძემ დატოვა, მის ადგილზე კი გივი მიქანაძე დაინიშნა.

“ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი, რომელიც მანამდე პარლამენტის წევრი იყო.

გივი მიქანაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: 1000 კვ.მ მიწა დმანისის მუნიციპალიტეტში, რაშიც 2021 წელს 1500 დოლარი გადაიხადა; 613 კვ.მ მიწა ლანჩხუთში, რომელიც 2024 წელს 8400 დოლარად იყიდა; 1221კვ.მ ფართის აგარაკი დმანისში, რომელიც 2021 წელს 70 000 ლარი დაუჯდა; ასევე, მსუბუქი ავტომობილი “ტოიოტა ჰაილენდერი”, რომელიც 2023 წელს 24 500 დოლარად შეიძინა.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ მის მეუღლეს ეკუთვნის 55,6 კვ.მ მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც 2025 წელს 44 480 აშშ დოლარად არის შეძენილი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, გივი მიქანაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა: სახელფასო ანგარიშზე 900 ლარი, ანაბარზე - 10 002 აშშ დოლარი, მიმდინარეზე - 1 929 ლარი.

დოკუმენტის მიხედვით, გივი მიქანაძეს 2024 წელს, პარლამენტის წევრად, ხელფასის სახით მიღებული აქვს 53 449 ლარი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად - 18 090 ლარი; საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიწვეულ ლექტორად - 13 266 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გივი მიქანაძემ გასულ წელს სახელმძღვანელოს თანაავტორობისთვის ჰონორარის სახით 5 150 ლარი მიიღო, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის კი - 6 800 ლარი.