1751441747
რეალურად გაიზარდა თუ არა მოსახლეობის რაოდენობა - რომელ მონაცემს უნდა ვენდოთ?

საქართველოს მოსახლეობის მიმდინარე სტატისტიკასა და საყოველთაო აღწერის წინასწარ მონაცემებს შორის ცდომილება 200 ათასი კაცია. უფრო კონკრეტულად, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 კაცი შეადგინა, 2025 წლის 1-ელი იანვრის მიმდინარე სტატისტიკით კი, საქართველოში 3.704 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
რაც შეეხება, წინა აღწერას, 2014 წლის შედეგებთან შედარებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 185 ათას ადამიანით მეტი დაფიქსირდა. 10 წლის წინ საქართველოში 3 729 635 კაცი ცხოვრობდა.
რამ გამოიწვია თვენახევრიან ინტერვალში 200 000-კაციანი ცდომილება, დემოგრაფი გიორგი მელაძე ამბობს, რომ დათვლის მეთოდოლოგიამ. მისი თქმით, მიმდინარე სტატისტიკა როგორც წესი, რეგისტრირებულ მონაცემებს ეყრდნობა, სადაც დაბადება, გარდაცვალება და მიგრაციული პროცესები შესაძლოა, ბოლომდე ასახული არ იყოს, ხოლო საყოველთაო აღწერა უშუალოდ ადამიანების გამოკითხვას ეფუძნება.
თუმცა, გიორგი მელაძე აღნიშნავს, რომ ცდომილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მიგრაციული პროცესებია. საბოლოო და უფრო სანდო მაჩვენებლად კი საყოველთაო აღწერის შედეგები უნდა გამოვიყენოთ.
„დემოგრაფიაში ჩაუხედავი ადამიანისთვის ეს მართლაც ძალიან დიდი სხვაობაა, თუმცა, ამას აგიხსნით. საქმე იმაშია, რომ საყოველთაო აღწერისა და მიმდინარე მონაცემებს შორის სხვაობა ყოველთვის არის და ცნობილია ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის. შესაბამისად, ეს ჩემთვის მოულოდნელობა არ იყო. მე არ მახსენდება მსოფლიოში აღწერა, რომელსაც განსხვავება არ მოეცეს მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით. გეტყვით რატომ, როგორც წესი, მსოფლიოში ასეთი სტანდარტია, რომ აღწერა ტარდება 10 წელში ერთხელ, ხოლო მიმდინარე ყოველწლიურად. მათ შორის ცდომილებას კი იწვევს მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა მეთოდი. აღწერა არის მასშტაბური, ერთჯერადი ღონისძიება, რომლის მიზანია, კონკრეტული თარიღის მიხედვით, მოსახლეობის შესახებ სრული და დეტალურ ინფორმაციის შეგროვება. მიმდინარე სტატისტიკა კი, ეს არის დემოგრაფიული მოვლენების, გარდაცვალება, დაბადება, მიგრაციები, ქორწინებები, განქორწინებების აღრიცხვის უწყვეტი პროცესი, რომელიც ყოველწლიურად გროვდება. ამ ორ აღწერას აქვს სხვადასხვა მიზანი. საყოველთაო მიზნად ისახავს შემადგენლობის, სტრუქტურის, მისი მახასიათებლების შესახებ სრული სურათის მიღებას; ასევე, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. მიმდინარე კი, მიზნად ისახავს მოსახლეობაში მიმდინარე მოვლენების სწრაფ აღრიცხვას. შესაბამისად, ის სრულად ვერ მოიცავს მოსახლეობის აღწერას, რადგან ვერ ხერხდება დემოგრაფიული მონაცემების დროული და სრული რეგისტრაცია. მაგალითად, ყველა მიგრანტი, დაბადება და გარდაცვალება არ არის დროულად რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ამ ორ აღწერას შორის მონაცემთა შეგროვების და დამუშავების სხვადასხვა ვადებია. საყოველთაო აღწერის მონაცემები გროვდება და მუშავდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო მიმდინარე მუდმივად მიმდინარეობს. მაგალითად, ჩვენთან აღწერა რომ ჩატარდა 2024 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით, საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისის ბოლოს.
გარდა ამისა, განსხვავებას იწვევს ისიც, რომ ეს ორი აღწერა ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს ეყრდნობა. აღწერა ეფუძნება პირდაპირ მოსახლეობიდან შეგროვებულ ინფორმაციას, მიმდინარე აღრიცხვამ კი შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ადმინისტრაციული წყარო. შეცდომები რა თქმა უნდა, არსებობს ორივეს შემთხვევაში, მაგრამ მიმდინარე აღრიცხვაში ეს შეიძლება უფრო ხშირი იყოს, რადგან პროცესი მიმდინარეა და არც ისე კონტროლდება, როგორც საყოველთაო აღწერის დროს. ჩემი აზრით, ბევრად არ შეიცვლება აღწერის საბოლოო შედეგები.
რაც შეეხება, ცდომილების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, ეს ალბათ, არის მიგრაციული პროცესები. იმიტომ, რომ ბევრი გადის და ბევრი შემოდის. ამასთან, აღწერას ექვემდებარება ყველა, ვინც საქართველოში იმყოფება, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებიც“, - ამბობს გიორგი მელაძე.