1762599540
საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება იგეგმება – როგორია მოქალაქეების განწყობა და ხედვა თბილისში
სასკოლო ფორმის ხსენებაზე, ადამიანების ნაწილს, ძირითადად კი უფროს თაობას, თვალწინ მუქ ლურჯ უხეში ნაჭრის შარვლებსა და თეთრ პერანგებში გამოწყობილი ბიჭები და ქათქათა წინსაფრებსა და მუქ კაბებში გამოწყობილი გოგონები წარმოუდგებათ, თავზე ორი კიკინით, ფეხებზე თეთრი გეტრებითა და ყელზე – ავად სახსენებელი წითელი ყელსახვევით. ახალგაზრდებს კი – ჰოლივუდურ ფილმებში ნაჩვენები ძვირად ღირებული კოლეჯების მდიდარი მოსწავლეები, მოდური პიჯაკებითა და კუბოკრული ქვედაბოლოებით, შარვლებითა და ჰალსტუხებით. ბავშვობაში, ფილმების გავლენით, ასეთ სკოლაში სწავლა, ლამაზი ფორმის მორგება და პერსონაჟებივით თავგადასავლებით სავსე სასწავლო გარემო, ალბათ, ბევრს გვინატრია.
საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ფორმა საბჭოთა პერიოდის შემდეგ აღარ სცმიათ. კერძო სკოლებში ფორმები შენარჩუნებულია – ნაირ-ნაირი ფერების ჟილეტებსა და პიჯაკებზე დაბნეული ემბლემით, ამა თუ იმ სკოლის სახელწოდებითა და ლოგოთი. საჯარო სკოლებში კი, ფორმების აღდგენაზე საუბარი არაერთხელ გააქტიურებულა, თუმცა, მხოლოდ იდეის დონეზე.
ამჯერად სიტუაცია შეიცვალა – ფორმების თემა კვლავ წამოიჭრა და EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ეს უკვე არა მხოლოდ იდეა, არამედ განსახორციელებლად გამზადებული პროექტია. დაგეგმილია, რომ ფორმა სავალდებულო სახით უნდა შემოვიდეს და მისი საფასურის დაფარვა, გარკვეული გამონაკლისების გარდა, მშობლებს მოუწევთ.
საკითხი იმდენად ბევრ ადამიანს ეხება, რომ წესით, მის გადაწყვეტამდე მინიმუმ მათი აზრის მოსმენა, ურიგო არ უნდა იყოს. სასკოლო საზოგადოება ადამიანთა შთამბეჭდავად ფართო წრეს მოიცავს – პირველ რიგში, მოსწავლეებს, რომელთაც ცვლილება პირდაპირ შეეხებათ, აგრეთვე მშობლებს, რომელთა ჯიბეზეც უნდა გაიაროს იდეის ფრთაშესხმამ, პედაგოგებს, სკოლების ადმინისტრაციას და ა.შ.
მთავარი ადრესატების, მოსწავლეების მოსაზრების გაგებამდე (რასაც აუცილებლად შემდეგ მასალად შემოგთავაზებთ), EDU.ARIS.GE-მ თბილისში მოქალაქეების აზრის მოსმენა გადაწყვიტა. ამისთვის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო ჩავატარეთ: ვესაუბრეთ ათეულობით ადამიანს, განსხვავებული ასაკის, სქესის, განათლების, სოციალური სტატუსისა და პროფესიის წარმომადგენლებს, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა სკოლასთან, დღის სხვადასხვა მონაკვეთში და ლოკაციაზე. ვესაუბრეთ მშობლებს, პრესტიჟული სკოლებიდან გამოსულებს და გარემოვაჭრეებს, გარეუბნების მეტროსადგურებთან მომუშავეებს. ასევე, ტაქსის მძღოლებს, მოვაჭრეებს, დამლაგებლებს, მიმტანებს, დიასახლისებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ეკონომისტებს, ბუღალტრებს, ლიტერატორებსა და ა.შ. დასაქმებულებს, თვითდასაქმებულებს და დაუსაქმებლებს. მათ, ვისაც ოჯახში მოსწავლეები ჰყავთ და მათაც, ვისაც არ ჰყავთ. გამოკითხვა, ჩვენი ჟურნალისტების ჩართულობით, არაერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მან ადამიანთა მაქსიმალურად ფართო და მრავალფეროვანი წრე მოიცვა.
სურათი, რომელიც გამოკითხვამ მოგვცა, არც ისე მოულოდნელი იყო – გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა სკოლებში ფორმის დაბრუნებას უპირობოდ ემხრობა. შედეგები რამდენადმე განსხვავებულია როგორც გამოკითხულთა ასაკობრივი კატეგორიის, ისე მათი საცხოვრებელი ადგილის მხრივ – თუ გარეუბნებში მცხოვრები რესპონდენტებიდან ფაქტობრივად ყველა ფორმას ემხრობოდა, თბილისის ცენტრალურ უბნებში გამოკითხულები ყურადღებას ბავშვების გემოვნებას, შეხედულებებსა და თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ.
ფორმის მომხრეებმა არგუმენტების არც ისე მრავალფეროვანი ჩამონათვალი შემოგვთავაზეს – „მოსწავლეს მოსწავლეობა უნდა ეტყობოდეს“ – ძირითად შემთხვევაში სწორედ ეს იყო მათი არგუმენტი. ზოგიერთი მათგანის მსჯელობა უფრო შორს მიდიოდა და სკოლებში თანასწორობის პრინციპის დანერგვის მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს. მიიჩნევდნენ, რომ ამ გზით სკოლებში ჩაცმულობისა და სტილის გამო მოსწავლეების მიერ ერთმანეთის ბულინგს ბოლო მოეღება. ზოგის აზრით, ეს სკოლებსა და ზოგადად ახალგაზრდებში დისციპლინის, წესრიგისა და ზრდილობის გაჩენასა და ზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, როგორ მოახერხებს მოსწავლეში ზრდილობისა გაღვივებას თეთრი პერანგი, ჰალსტუხი და პიჯაკი, ამაზე ჩვენს რესპონდენტებს არ უსაუბრიათ.
შუა ხნის ასაკს გადაცილებულ ადამიანებში აშკარად იგრძნობოდა თავიანთი ახალგაზრდობის მონატრება, შესაბამისად, მათი არგუმენტიც დაახლოებით ასე ჟღერდა – „ძველად ასე იყო და კარგი იყო“. რატომ იყო ეს უკეთესი და რა სარგებელი მოიტანა, ამ კითხვების დასმისას კი პასუხად ვისმენდით -„წესია და ამიტომ“, „უწინ მეტი პატიოსნება იყო“, „აბა, მასწავლებელსა და მოსწავლეს რომ ვერ გაარჩევ, ეგ ჯობია?!“ და ა.შ.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, მოსწავლეების დედებს, როგორც ჩანდა, მათ ამ თემაზე გაცილებით მეტი ჰქონდათ ნაფიქრი და ცვლილების დადებითი და უარყოფითი მხარეებიც უკეთესად აწონ-დაწონილი. შესაბამისად, მათი მოსაზრებები უფრო პრაქტიკული არგუმენტებით იყო გამყარებული.
მაგალითად, ფორმის პრაქტიკული თვალსაზრისით მოტანილ დადებით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას პირველი და მესამე კლასელი მოსწავლეების დედა, 29 წლის მონიკა ლეთანძე. მის ოჯახში, ყოველ დილას შეხვდებით სცენას, როცა დედასა და შვილებს ტანსაცმელთან დაკავშირებით ცხარე კამათი აქვთ გამართული. ამის გამო ხშირად სკოლაშიც აგვიანდებათ – „მჭირდება დიდი დრო და ენერგია, რომ ყველაფერი შევუთანხმო, ტანსაცმელი სუფთა იყოს, ამინდს შეეფერებოდეს და ერთმანეთს უხდებოდეს. ეს ყველაფერი დამღლელია“, – გვიყვება მონიკა. იმედოვნებს, რომ ფორმის წყალობით ჩაცმულობის ერთმანეთთან შედარებასაც მოეღება ბოლო. ბავშვები ნაკლებს იფიქრებენ გარეგნობაზე და მეტს – სწავლაზე. საბოლოოდ „ეს მშობლებისთვის უდიდესი შვება იქნება“. ფორმის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე კი პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებს.
მსგავსი სცენები არც 32 წლის ბუღალტრის, ანა სრუბოვსკაიას ოჯახისთვისაა უცხო. ანას კიდევ ერთი არგუმენტი სოციალური თანასწორობაა, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ბავშვების ერთნაირად ჩაცმის გზით მიიღწევა. შესაბამისად, იმედოვნებს, რომ სიახლე ყველა სკოლისთვის მალე გახდება სავალდებულო. ოღონდ, მესამე კლასიდან, „როცა ბავშვები უკვე წესრიგისა და წესების მნიშვნელობას აცნობიერებენ“. საფასური ანასთვის მნიშვნელოვანია – მისი ყიდვა ყველანაირი შემოსავლის მქონე ოჯახს უნდა შეეძლოსო – გვეუბნება. იცის რა, რომ იაფიანი და ხარისხიანი არათუ ამ ქვეყანაში, არამედ სამყაროში არაფერი არსებობს, გამოსავლად სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება ესახება. ანუ, ანა გვთავაზობს მოდელს, როცა საფასურის ნაწილს სკოლა აფინანსებს, ნაწილს კი მშობელი იხდის საკუთარი ჯიბიდან.
იგივე რუტინაზე საუბრობენ გლდანში გამოკითხული 39 წლის დიასახლისი, პირველკლასელი მოსწავლის დედა, მაია წამალაიშვილი და 2 მოსწავლის დედა, 28 წლის თეკლა ერაძე. ის მაინც გვეცოდინება, რას ჩაიცვამს ბავშვი და ბევრ უხერხულობას ავირიდებთ თავიდანო – საკუთარ დამღლელ ყოველდღიურობას 180-ე საჯარო სკოლასთან გამოკითხული ორი მოსწავლის დედა, ნათია ღვედაშვილიც გვიზიარებს. როგორც აღმოჩნდა, შვილების მხრიდან ფრაზები „ეს მინდა, ის მინდა“, „ამას ეს აცვია, იმას – ის“, „ ეს გუშინ მეცვა და დღეს აღარ მინდა“ ქალბატონებს იმდენად ხშირად ესმით, რომ ფორმაში ფასის გადახდაზეც თანახმანი არიან, ოღონდ ამას ბოლო მოეღოს.
თეო დანელია, 38 წლის, ლიტერატორი, მე-7 კლასის მოსწავლის მშობელი: „ყოველთვის ფორმის შემოღების მომხრე ვიყავი. ამ ისედაც პოლარიზებულ, უთანასწორო საზოგადოებაში მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ რაღაც ეტაპზე მაინც თანასწორნი არიან. ინდივიდუალიზმის გამოხატვას ყოველთვის მოასწრებენ. ფორმა არ არის ის, რამაც შეიძლება ინდივიდუალიზმი ჩაგიკლას. სკოლებში ვასწავლოთ თავისუფალი აზრის გამოხატვა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება და ამას ფორმა ნამდვილად ვერ დაიჭერს. იცით, როგორი ბულინგია დღეს? მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებები, ფსიქოლოგები, „ქოუჩები“ ბულინგზე საუბრობენ, სინამდვილეში, არაფერი იცვლება. ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი მშიერია. ამას ისიც ემატება, რომ თუ ისე არ აცვია, გარკვეულ წრეებში არ იღებენ. როდის უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ტანსაცმელი, უბანი?! სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ფორმები, შემოღების შემთხვევაში, სავალდებულო უნდა იყოს. რაც შეეხება, ფასს – ეს ფულის კეთების კიდევ ერთ საშუალებად არ უნდა იქცეს“.
ფორმის შემოღების მომხრეებს, ძირითადად, სამი არგუმენტი აქვთ – ტანსაცმლის არჩევაზე შვილებთან მუდმივი დავის დასასრული, სკოლებში თანასწორობის გამეფების იმედი და ვიზუალური მხარე. ზოგისთვის, შესაძლოა გასაკვირიც კი იყოს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ერთნაირად ჩაცმული ადამიანების, ამ შემთხვევაში მოსწავლეების ხილვა ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს. არაერთი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს ერთნაირად ჩაცმა უხდებათ.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ფორმა უპირობოდ მისაღებია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთა ასაკიც 55-60 წელს ზემოთაა და რომელთაც საკუთარი ახალგაზრდობა იმდენად ენატრებათ, რომ ყველაფერი, რაც მაშინ იყო მიღებული, გაიდეალებული აქვთ და ეს, მათთან საუბრისას, ყოველ წინადადებაში იგრძნობა. ამ ასაკობრივ კატეგორიაში, იშვიათად შეგვხვდა ადამიანი, რომელიც ინიციატივას მხარს არ უჭერს, ან ამაში რაიმე უარყოფითს ხედავს. მთავარი არგუმენტი მარტივია – „მოსწავლეს ფორმა შეშვენის“.
64 წლის ლამზირა ბასილაია გარემოვაჭრეა. წლებია სამგორის მეტროსთან ხილსა და ბოსტნეულს ყიდის. ინტერვიუც ხალისით მოგვცა, საკუთარი მოსწავლეობაც სიამოვნებით გაიხსენა და წამოსვლამდე სურნელოვანი ლიმნითაც დაგვასაჩუქრა. მისთვის ფორმა „ძველი სტილია“ და შესაბამისად, მოსწონს. თავად მას, ბავშვობაში არანაირი პროტესტი, ჩაცმასთან დაკავშირებით, არ ჰქონია და გულწრფელად უკვირს რატომ შეიძლება ჰქონდეთ ახლანდელ მოსწავლეებს – შესახედაობითაც ჯობდნენ მაშინდელი მოწაფეები ახლანდელებს და საქციელითაცო – გულწრფელ აზრს გვიზიარებს. ერთადერთი, ფასი აფიქრებს. ხალხის გაჭირვებას, საქმიანობიდან გამომდინარე, ცხადად ხედავს, ამიტომ ფორმა იაფი უნდა ღირდესო – ფიქრობს.
იგივე მოსაზრება აქვთ 64 წლის მედეა ლომსაძეს, 56 წლის გიორგი მაჭავარიანს, 64 წლის რაჩიკ სულოიანს, 67 წლის მარინა ამბროიანს, 70 წლის ანზორ შანიძეს, 50 წლის ხათუნა დიღმელაშვილს და კიდევ თხუთმეტამდე მოქალაქეს, რომელთაც, ძირითადად, სამგორისა და ახმეტელის მეტროების მიმდებარე ტერიტორიაზე ვესაუბრეთ. „ზოგ ბავშვს მასწავლებელზე კარგად აცვია“, – გვეუბნებიან და ამას დაუშვებლად მიიჩნევენ. მოსწავლეების ზნეობრივ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას და აქვე სოციალური თანასწორობის აუცილებლობასაც უსვამენ ხაზს. ფიქრობენ, რომ თუ მოსწავლეებს ერთნაირად ეცმევათ, „აღარ გაირჩევა ვინაა მდიდარი, ვინ – ღარიბი და ერთმანეთს აღარ დასცინებენ“. მათი ნაწილი თანახმაა, რომ ფორმა ფასიანი იყოს, ოღონდ, აუცილებლად დაბალი ფასი უნდა ჰქონდეს. ნაწილის აზრით კი იგი მთლიანად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.
„ჩემი 14 წლის ქალიშვილი ტანსაცმლის გამო ბულინგის მსხვერპლი სკოლაში არაერთხელ გამხდარა. ბავშვები კიდევ არ ჰყვებიან ყველაფერს, რათა მერე კიდევ უფრო არ დააბულინგონ, თორემ ჩაცმის გამო სკოლებში ჩაგვრა ნამდვილად არის. მოსწავლეები კი არა, არიან ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც ჩაცმულობას აქცევენ ყურადღებას. ფორმა სავალდებულო რომ გახდება, ბულინგიც შეწყდება. მასწავლებელი აღარ გამოარჩევს ვინმეს იმის გამო, რომ მდიდარი დედიკო და მამიკო ჰყავს“, – გვეუბნება ხათუნა დიღმელაშვილი, რომელიც პარფიუმერიის მაღაზიაში იმ დროს შემოვიდა, როცა ჩვენ გამყიდველ ქალბატონს ვესაუბრებოდით და თემა, მისთვის, იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ თავი ვერ შეიკავა და საუბარში აქტიურად ჩაერთო. საკმაო ხანს გვესაუბრა, ბოლოს კი დასძინა, რომ ფორმის საფასური 50 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან მეტს ხალხი ვერ გადაიხდის.
მკითხველს რომ არ დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენი გამოკითხული მოქალაქეებიდან ყველას საბოლოო აზრი ჰქონდეს ჩამოყალიბებული ფორმის ავ-კარგიანობაზე, გეტყვით იმასაც, რომ რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში შეგხვდნენ ისეთებიც, რომლებიც რეფორმის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს ხედავენ და მეტ ინფორმაციას ითხოვენ. მაგალითად, 34 წლის ექთანი, თიკო ადეიშვილს, მაღალ კლასებში მოსწავლეთა შეუსაბამო ჩაცმულობის გამო ფორმა, ერთის მხრივ, კარგ გამოსავლად მიაჩნია, მეორეს მხრივ კი აფიქრებს დამატებითი ხარჯი და იმავე მაღალკლასელების მოსაზრებები, რომლებიც, შესაძლოა ჩარჩოში ჩასმული გემოვნების წინააღმდეგებიც იყვნენ.
თამარ უსუფაშვილი. 35 წლის. ეკონომისტი. მეხუთეკლასელის დედა: „დადებითი შედეგი, ჩემი აზრით, ის არის, რომ ბავშვებს საერთო სტანდარტი ექნებათ და ერთმანეთის სამოსზე გულის არ დასწყდებათ. თუმცა, შეიძლება, ინდივიდუალურობის გამოხატვას შეუშალოს ხელი. რაც შეეხება ფასიან ფორმას, ვერ იქნება მისაღები, რადგან საჯარო სკოლა ყველა ეკონომიკური შესაძლებლობის ოჯახისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მგონია, რომ თუ შემოიღებენ მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იყოს კომფორტულობის საკითხი და სახელმწიფომ ეს ხარჯები სრულად უნდა უზრუნველყოს“.
როგორც მშობლებისგან გავიგეთ, ზოგიერთ სკოლაში, ლოკალურ დონეზე, მცდელობა აქამდეც ყოფილა. მაგალითად, პირველ კლასიკური გიმნაზიაში, ორიოდე წლის წინ, მოსწავლეებში გამოკითხვაც კი ჩაუტარებიათ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბავშვებს თავისუფლად ჩაცმა აურჩევიათ. ეს ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული სკოლის მოსწავლეების დედამ მოგვაწოდა, ცხადყოფს, რომ ბავშვების აზრი უფროსებისგან განსხვავებულია და თუ გავითვალისწინებთ, რომ ცვლილება სწორედ მათ ეხებათ, ვფიქრობთ, უყურადღებოდ დასატოვებელი არ უნდა იყოს. „დღევანდელ ცხოვრებაში, რთულია, რამე სავალდებულო იყოს. თუ ბავშვების თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, უნდა ჰკითხონ, რადგან მათი გადასაწყვეტია“, – გვეუბნება 50 წლის, ხელოვნებათმცოდნე, თეა კიკალიშვილი, პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეების მშობელი.
ფორმის შემოღების მცდელობის კრახით დასრულებაზე კიდევ ერთი ქალბატონი, 3 მოსწავლის დედა მაგდანა მახარეიშვილიც გვიყვება. მისი შვილები, გარკვეული პერიოდით 161-ე საჯარო სკოლაში სწავლობდნენ, სადაც ფორმის ტარება სავალდებულო გახადეს, თუმცა, ქალბატონის თქმით, ბავშვებმა ეს ვერ მიიღეს.
სალომე აბულაძე. 35 წლის. მეორეკლასელი მოსწავლის დედა: „კერძო სკოლებში ფორმის შეკერვა საკმაოდ ძვირი ჯდება. ამას საჯარო სკოლაში ვერ გადაიხდიან. ზოგს ბავშვი თეატრშიც ვერ მიჰყავს მაშინ, როდესაც მასწავლებელი გასვლით აქტივობას გეგმავს. მინიმუმ 2 ფორმა მაინც უნდა მქონდეს და ჯაფაც და ხარჯიც მეზრდება. ბავშვებმაც თუ გააპროტესტეს, შესაძლოა, სკოლაში სიარულის პრობლემაც შეიქმნას. ვფიქრობ, საზოგადოება მზად არაა ერთნაირი ფორმისთვის. ზოგი სკოლა თეთრ პერანგსა და მუქ ქვედატანს ითხოვს და უმეტესობა ამასაც ვერ ასრულებს. ასე რომ, ინიციატივას სავალდებულო ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, მაღალკლასელებს საერთოდ არ მოუნდებათ ფორმის ტარება და სამინისტრო ამ იდეის ბევრ პრობლემას წააწყდება. იდეის ავტორები ჩვენს საზოგადოებას კარგად არ იცნობენ“.
გამოკითხვაზე დაყრდნობით, შეგვიძლია იმის თქმაც, რომ მოქალაქეთა ნაწილი ფორმის შემოღების დადებით მხარეებს სრულებით ვერ ხედავს. მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოვუსპოთ ბავშვებს თავისუფალი არჩევანი ჩაცმაში და საიდან დგინდება, რომ ფორმა სკოლებში არსებულ სიტუაციას, ან სწავლის დონეს აუმჯობესებს.
თავისუფალ არჩევანს ემხრობა 57 წლის, ფილოლოგი ნანა მაყაშვილი. მისი მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ ამ გზით ბავშვებს გემოვნება განუვითარდებათ. როგორც მინიმუმ, ფიქრობს, რომ ფორმის ჩაცმა-არჩაცმის საკითხი თავად ბავშვებმა უნდა გადაწყვიტონ. ანუ, ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
მაღალ კლასებში მოსწავლეების დათანხმება რომ რთული იქნება, ამას სხვებიც ეჭვობენ. მაგალითად, 39 წლის სტომატოლოგი, ლანა გრძელიძე ფიქრობს, რომ ფორმას მიუჩვეველი უფროსკლასელებისთვის, ამის იძულება, არაეფექტურია. ამიტომ, სიახლის დანერგვა დაწყებითი კლასებიდან უნდა დაიწყოს. 45 წლის მძღოლს, დავითს კი ორი უფროსკლასელი ბიჭი ჰყავს და აქედანვე დანამდვილებით იცის, რომ მათთვის ფორმის დაძალებას აზრი არ ექნება – რომ ვუთხრა სკოლაში თეთრი პერანგით და ჰალსტუხით უნდა იაროთ მეთქი, გადაირევიანო – სიცილით გვიმხელს. არც ფორმაში ფულის გადახდის იდეა ხიბლავს. იმ დროს, როცა ბავშვების დიდი ნაწილი და-ძმის გამონაცვალი ტანსაცმლით იზრდება, ფორმაში დამატებითი ხარჯს გაღება არაა გამართლებულიო – დასძენს. „ძვირს ვერ გადავიხდით, იაფი კიდევ უხარისხო იქნება“, – ასეთი ფრაზა მისგან და კიდევ რამდენიმე სხვა რესპონდენტისგან მოვისმინეთ.
ფორმა, თავისი შინაარსობრივი თუ სიმბოლური თვალსაზრისით მიუღებელი სხვა რესპონდენტისთვისაც აღმოჩნდა. ბევრი არა, მაგრამ შეგხვდნენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ 21-ე საუკუნის ბავშვი აიძულო ჩაცმულობის მკაცრ ჩარჩოში ჩაჯდეს და იმ ფორმას დასჯერდეს, რომელიც უცხო ადამიანებმა დაუდგინეს და რომელიც მის გარდა ათი ათასობით მოსწავლეს აცვია, უტოპიაა. საღ აზრსაც მოკლებულია – ახშობს რა მათში ინდივიდუალიზმისა და თავისუფალი გამოხატვის უნარს.
„21-ე საუკუნეა და რა საჭიროა, რომ ყველა მოსწავლე ერთ ფორმაში იყოს, როგორც კომუნისტების დროს?!“ – გადაჭრით პასუხობს ჩვენს კითხვას 37 წლის, სამი მოსწავლის დედა მაგდან კირკიტაძე. არ მიაჩნია, რომ ფორმა ბულინგის პრევენციად გამოდგება, რადგან ფიქრობს, რომ ბულინგი, თუ ადამიანში ამისკენ მიდრეკილება არსებობს, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება დაიწყოს – მატერიალურზე, თუ არამატერიალურზე – „სასკოლო ფორმის შემოღების იდეის ავტორებმა, სკოლებში რომ უფასო კვება იყოს, ჯერ მაგაზე იმუშაონ და შემდეგ – ფორმებზე. მშიერი ბავშვი უფრო ვერ ისწავლის, ვიდრე ის ბავშვი, რომელსაც ფორმა არ აცვია“, – გვეუბნება მაგდანი.
50 წლის ქეთი გოგიბერიძე იმ გამონაკლისებშია, რომელსაც თავად მოუწია ფორმა ეტარებინა, თუმცა ეს სულ არ ენატრება. პირიქით, დარწმუნებით ამბობს, რომ ერთფეროვნება ბავშვს ფანტაზიასა და თავისუფლების სურვილს აკლებს. ბავშვს, ბავშობიდანვე უნდა ჰქონდეს თვითგამოხატვისა და თავისი ინდივიდუალიზმის უფლება და ეს, დიდწილად, სკოლამ უნდა უზრუნველყოსო – გვეუბნება პროფესიით ექიმი: „ფორმა ბულინგის პრევენციისთვის ვერ გამოდგება. ფორმებშიც იქნება განსხვავება, დანამატ აქსესუარებშიც, ფეხსაცმელშიც, ჩანთაშიც, ქურთუკშიც. ამ წარსულიდან მოვდივარ, ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს“.
აზრი მრავალგვარია, ინფორმაცია – მწირი. მანამ, სანამ განათლების სამინისტრო დეტალებს გაამხელს, საზოგადოებაში არაერთი კითხვა ტრიალებს – რა ეღირება ფორმა? მთლიანად მშობლის გადასახდელი გახდება, თუ სახელმწიფო დააფინანსებს? ვინ შეკერავს? როგორი ხარისხი ექნება? იქნება თუ არაა სეზონური – ზამთარი/ზაფხული? თუ მოსწავლემ არ ჩაიცვა, რა უნდა ქნას მშობელმა? იქნება თუ არა სოციალურად დაუცველების სუბსიდირება? როდიდან ამოქმედდება სიახლე? რომელ კლასებში? მხოლოდ დედაქალაქში, თუ რეგიონებშიც? – ეს კითხვები, სხვა მრავალთან ერთად, ადამიანებისგან მოვისმინეთ. ადამიანებისგან, რომელთაც ცვლილებები ეხებათ, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აზრს ჯერ მხოლოდ ჟურნალისტები ეკითხებიან. იმედი დავიტოვოთ, რომ განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების არჩევანს თუ მათი შერჩევის პროცესს საჯარო განხილვის ნაწილად აქცევს.
edu.aris.ge



