1750747475
საქართველოს მოსახლეობა, რომელიც უცხოელებსაც მოიცავს, 3 914 000-მდე გაიზარდა

საქსტატმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი. 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად კი, მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ათ წელში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 000-ითაა გაზრდილი.
ცნობისთვის, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები (მიუხედავად ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობისა) და მოქალაქეობის არმქონე პირები.
ქალების წილი შედარებით მაღალია ქ. თბილისსა (56%) და ქ. ქუთაისში (55%), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49 პროცენტი), ხარაგაულის (49%) და საგარეჯოს (49%) მუნიციპალიტეტებში.
წინასწარი შედეგების თანახმად, მოსახლეობის 62% (2 423 ათასი კაცი) ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 38% (1 491 ათასი კაცი) - სოფლად.
"რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, ქ. თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66 პროცენტი), რაც განპირობებულია ქ. ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20 პროცენტი), კახეთის (21 პროცენტი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24 პროცენტი) რეგიონებში.
2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქ თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2%", - წერია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია.
ცნობისთვის, აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში, მათ შორის, შინამეურნეობების საბინაო პირობები, საცხოვრისის ტიპი, შენობის აშენების წელი, ფართობი და ოთახების რაოდენობა, საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეები; მოსახლეობის დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლები; მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლების დონე, ქორწინების მდგომარეობა, შიდა მიგრაცია და იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა; მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი, სასოფლო-სამეურნეო მიწის სტრუქტურა, ერთწლიანი კულტურებით და მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის სტრუქტურა, ხეხილის, ციტრუსის და ვაზის ძირთა რაოდენობა, პირუტყვისა და ფრინველის სულადობა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია. აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება - მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.