საქართველოში დაბადებულთა რაოდენობა 40 ათასს ჩამოსცდა - „თუ ომის პერიოდს არ ჩავთვლით, შობადობა ამ ნიშნულს აქამდე არ ჩამოსცდენია“

ახალშობილები

საქართველოში შობადობის 30-წლიანი მინიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, 43 971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება 4 488 ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ დაბადებულთა რაოდენობა 1994 წლიდან მოყოლებული ასეთი დაბალი არ ყოფილა და 40 ათასიან ნიშნულსაც პირველად ჩამოსცდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განუცხადა, „თუ ომის პერიოდს არ ჩავთვლით, აქამდე საქართველოში დაბადებულთა რაოდენობა 40 ათასიან ნიშნულს არ ჩამოსცდენია“.

„თუ ომის პერიოდს არ ჩავთვლით, აქამდე დაბადებულთა რაოდენობა 40 ათასიან ნიშნულს არ ჩამოსცდენია. მეტიც, ჩვენ გვქონდა ბუნებრივი მატება.

მაგალითად, 1962 წელს 106 ათასი ადამიანი დაიბადა საქართველოში. მართალია, ეს მონაცემი მაშინ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით იყო, თუმცა, მათი მაჩვენებელიც რომ გამოვაკლოთ, მაშინ დაბადებულთა რაოდენობა აჭარბებდა ახლანდელ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბადებულებს. აფხაზეთისა და ცხინვალის გამოკლებით, 1962 წელს შობადობის მაჩვენებელი დაახლოებით, 90 ათასი იყო ანუ, 2.5-ჯერ არის შემცირებული.

ამასთან, მივაქციოთ ყურადღება კიდევ ერთ გარემოებას, საქართველოს მოსახლეობა რეგიონში ყველაზე დაბერებულია. ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით, მედიანური ასაკი ყველაზე მაღალი ჩვენთან არის, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე ყველაზე დაბალია,“ - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

bpn.ge