საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატებაა - საქსტატი

მოსახლეობა

საქართველოში 2024 წელს იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, 43 971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატება 4 488 ერთეულით განისაზღვრა.

„2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8 პროცენტით გაიზარდა და 43 971 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (12 492 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (533 კაცი)“, - აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

ამასთან, 2024 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.4 პრომილე შეადგინა.2024 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.6 პრომილე შეადგინა.

„2024 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4 488 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა“, - აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.