საშუალო ხელფასი 2 212 ლარამდე გაიზარდა - საქმიანობის 4 დარგი, სადაც ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა საქართველოში

ხელფასი

2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2025 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 655.8 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 242.3 ლარი (10.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

„საქსტატის“ ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
  • მშენებლობა - 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).

„2025 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 212.2 ლარით (10.1%) და 2 317.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 243.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით) და მშენებლობის (3 472.6 ლარი, გაიზარდა 17.7 პროცენტით) სფეროებში.

2025 წლის მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 197.1 ლარით (10.8%) გაიზარდა და 2 024.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.