სასულიერო პირების ჯგუფმა, მიგრანტთა უფლებების შესახებ, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

დეპუტატები პარლამენტში

უცხოელებისთვის მოქალაქეობისა და ცხოვრების უფლების არმინიჭების, მათი ქვეყნიდან გაძევებისა და მიგრანტთა პაქტის დენონსირების მოთხოვნით, სასულიერო პირების ჯგუფმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.

„მიგრანტების შემოდინებასა და მოჭარბებულ მომრავლებასთან დაკავშირებით, თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ რამდენიმე, ჩვენი აზრით, აუცილებლად გასატარებელ ზომაზე:

  • შეწყდეს მიგრანტებისთვის მოქალაქეობისა და ცხოვრების უფლების მინიჭება, გამონაკლისი ერთეულების გარდა;
  • გამკაცრდეს მიგრანტთა შემოდინებასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა;
  • მოხდეს მიგრანტთა მნიშვნელოვანი რაოდენობის სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა;
  • მოხდეს მიგრანტთა პაქტის დენონსირება, მით უმეტეს, რომ ამ პაქტს ხელი არ მოაწერეს აშშ-მ, ისრაელმა და ევროპის მრავალმა ქვეყანამ.

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იმას, როგორ იძაბება დამოკიდებულება მოსახლეობასა და მიგრანტებს შორის. უკვე არაერთი კონფლიქტური შემთხვევაა მომხდარი სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე. ჩვენ, სასულიერო პირებმა კარგად ვიცით ჩვენი ხალხის წუხილი და რიგ შემთხვევებში მრისხანებაც კი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ სასწავლებელში არის უცხოელი სტუდენტების განსაკუთრებით დიდი ოდენობის მოზღვავება, რაც არასასიამოვნო ფონს ქმნის ქუჩებში და, ზოგადად, საზოგადოებაში. ეზოებში ხშირად ქართველი ბავშვები ვერ შედიან სპორტულ მოედნებზე, რადგან ის მიგრანტებსა და მათ შვილებს აქვთ დაკავებული, რაც ასევე იწვევს ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებულ გაღიზიანებას.

არის კიდევ არაერთი პრობლემატური საკითხი მიგრანტებთან დაკავშირებით. ამიტომ, გთხოვთ, უმოკლეს ვადებში გაატაროთ ქმედითი ზომები ხსენებული საკითხების მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნულია სასულიერო პირების საკანონმდებლო წინადადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაადგინა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს საკითხის განხილვა დაევალოს.