1751441747
„შავ-თეთრი“ ფული, 331 მლნ დოლარიანი სასახლე და 12 მანქანა - რა ქონებას ფლობს და როგორ მდიდრდება რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ბოლო გასაჯაროებული დეკლარაცია 2021 წლით თარიღდება და 2022 წელს, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მისი შემოსავლების ამსახველი დოკუმენტი აღარ გამოქვეყნებულა.
თუმცა გამოცემა „პროექტის“ ჟურნალისტებმა გამოიძიეს, თუ რა სქემებს იყენებენ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის სტრუქტურები ფედერალური ბიუჯეტისა და ბიზნესის მფარველობის თანხის გასათეთრებლად და გასანაღდებლად. ეს არ არის ოფშორულ და მრავალრიცხოვან ფიქციურ კომპანიებთან დაკავშირებული რთული სქემა, არამედ კადიროვი ათობით მილიარდ რუბლს ფიქციური პირებისთვის ფიქციური სესხების გაცემით ანაღდებს და VTB ბანკის ფილიალებიდან ტონობით კუპიურები და ოქროს ზოდები გააქვს.
2021 წლის დეკლარაციის თანახმად, რამზან კადიროვმა 26.5 მლნ რუბლი (338 ათას დოლარამდე) გამოიმუშავა, რაც მის 2020 წლის შემოსავალზე 14,3-ჯერ ნაკლებია. მისი ოფიციალური შემოსავალი 2019 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ დაეცა, რაც 2020 წელსაც გაგრძელდა. კერძოდ, 2019 წელს კადიროვის შემოსავალმა 147.9 მლნ რუბლი (1.9 მლნ დოლარი) შეადგინა, რაც 2018 წლის 7.58 მლნ რუბლის (96.6 ათასი დოლარის) შემოსავალს, თითქმის, 20-ჯერ აღემატება. ასევე, მისი მეუღლის შემოსავალი 2018 წლის 60 ათასი რუბლიდან (765 დოლარიდან) ერთ წელიწადში 40-ჯერ, 2.4 მლნ რუბლამდე (30.6 ათას დოლარამდე) გაიზარდა.
2020 წელს ქონებისა და შემოსავლების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რამზან კადიროვმა 381.1 მლნ რუბლი (4.9 მლნ დოლარი) გამოიმუშავა და რუსეთში ყველაზე მდიდარი გუბერნატორი გახდა. ასევე, მას 3.668 და 28.361 კვადრატულ მეტრ ფართობის ორი მიწის ნაკვეთი და 2.344 კვადრატული მეტრ ფართობის საცხოვრებელი შენობა ეკუთვნოდა.
2021 წელს ჩეჩნეთის მეთაურის ვებგვერდზე განთავსებული შემოსავლებისა და ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, რამზან კადიროვის შემოსავალი 26.537.982 რუბლს, (338 ათას დოლარზე მეტს), ხოლო მისი მეუღლის 1.522.179 რუბლს (19.500 დოლარს) შეადგენდა. ამდენად, კადიროვის ოფიციალურად დეკლარირებული შემოსავალი 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, 14.3-ჯერ მეტად შემცირდა. ასევე, ჩეჩნეთის მეთაურს 2020 წლის ანალოგიურად ორი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი შენობა 2021 წელს ისევ ეკუთვნოდა, ხოლო მისი მეუღლე 209.8 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას ფლობდა.
რა ქონებას ფლობს და როგორ მდიდრდება რამზან კადიროვი
ბიზნესი
ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ახმატ კადიროვის ოჯახი, რომელიც 1995 წელს იჩქერიის მუფტი, ანუ რელიგიური ლიდერი გახდა, ჯერ კიდევ მოკრძალებულად ცხოვრობდა. თუმცა 1990-იანი წლების ბოლოსთვის კადიროვის ოჯახმა იჩქერიის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვისგან ნავთობის ჭაბურღილი იჯარით მიიღო, საიდანაც ნავთობი რუსეთის მთლიან ტერიტორიაზე კონტრაბანდულად შეჰქონდათ. მას შემდეგ, რაც პუტინის დროს ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის პრეზიდენტი გახდა, მან მთელ რესპუბლიკაში ბენზინგასამართი სადგურების ქსელი, „ლიდერი“ გახსნა
„პროექტის“ ცნობით, ადგილობრივი სტანდარტებით მსხვილი საწვავის ბიზნესის შესაქმნელად კადიროვმა ფული კრემლიდან ერთგულების ფიცის ჯილდოდ მიიღო. 2004 წელს ახმატ კადიროვის დაღუპვის შემდეგ კადიროვების ბიზნესი გაიზარდა და ამჟამად ისინი, თითქმის, მთელ ჩეჩნეთს ფლობენ. რამზან კადიროვის ნათესავებმა ჩეჩნეთის მთავრობაში წამყვანი თანამდებობები გაიყვეს, ხოლო მისი ნომინალები, რომელთა შორის მეგობრები და თანასოფლელები არიან, რესპუბლიკის ყველა ძირითად ბიზნესაქტივს ფლობენ.
ცალკე ბიზნესია კადიროვის საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც მისი დედა ხელმძღვანელობს. ჯერ კიდევ 2015 წელს რუსული „კომერსანტი” წერდა, რომ ჩეჩნეთის საჯარო სექტორის ყველა თანამშრომელი შემოსავლის 10%-ს მას ურიცხავს. ფონდის მიერ შექმნილი კომპანიები სახელმწიფო კონტრაქტებს იღებენ და ფედერალური ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს ითვისებენ. ასევე, კადიროვის სტრუქტურები რუსეთის კომპანიებისგან ძალისმიერი მხარდაჭერისთვის მილიარდობით რუბლს იღებენ.
უცნობია, თუ რამდენს შოულობს კადიროვი ფედერალური ბიუჯეტის ფულის ათვისებითა და რუსული ბიზნესის მფარველობით, თუმცა მხოლოდ ორი უმსხვილესი იურიდიული პირი, შპს „ბენოფონი“ და შპს „ორბიტა,“ რომლებიც მის ნომინალებს ეკუთვნით, 150 მლრდ რუბლის (2 მლრდ დოლარამდე) ღირებულების აქტივებს ფლობენ, ხოლო 2023 წელს მათმა მთლიანმა შემოსავალმა 81 მლრდ რუბლი (1 მლრდ დოლარზე მეტი) შეადგინა.
ეს იურიდიული პირები ჩეჩნეთის უმსხვილესი კომპანიების სიაში მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ, მაშინ, როცა მათგან უფრო დიდს, შპს „ბენოფონს“ მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს. ეს იურიდიული პირები პერსონალის გარეშეც კი, ანუ მხოლოდ ქაღალდზე სამთავრობო კონტრაქტებს იგებენ და ასრულებენ. ისინი მილიარდობით რუბლს რუსული კომპანიებისგან ჩეჩნური მფარველობის გამოც იღებენ. საბოლოოდ, ფული ნომინალური თანხებით უმსხვილეს რუსულ ბანკებში ირიცხება.
მაგალითად, „ბენოფონმა“ 2023 წელს 64 მლრდ რუბლი (815 მლნ დოლარზე მეტი) მიიღო. მათგან, სულ მცირე, 47.7 მლრდ რუბლი (608 მლნ დოლარი) 15 ადამიანის მიერ იქნა განაღდებული. ყველა მათგანი ჩეჩნეთის შალის რაიონის მკვიდრია, რომლებიც გამორჩეული საქმიანობით არ არიან დაკავებული და, წესით, დიდი შემოსავალი არ უნდა ჰქონოდათ. კერძოდ, ტაქსის მძღოლმა 14 მლრდ რუბლი (178 მლნ დოლარზე მეტი), რაიონის საბინაო-კომუნალური სამსახურის უფროსმა 4.6 მლრდ რუბლი (59 მლნ დოლარამდე), წვრილმანმა დამნაშავემ 2.2 მლრდ რუბლი (28 მლნ დოლარზე მეტი), 24 წლის ავტოშემდუღებელმა 800 მლნ რუბლი (10 მლნ დოლარზე მეტი) გაანაღდა. ყველა ეს ადამიანი „ბენოფონისგან“ უპროცენტო სესხების სახით ფულს იღებს, რის შემდეგაც თანხას მსხვილი ბანკების ფილიალებში ანაღდებენ.
მაგალითად, „ბენოფონმა“ და კადიროვთან დაკავშირებულმა სხვა კომპანიებმა შალიში მცხოვრებ 30 წლის ტაქსის მძღოლ მუსლიმ მურადოვს 11 მლრდ რუბლი (140 მლნ დოლარზე მეტი) გადაურიცხეს, რის შემდეგაც მან თანხა VTB ბანკის ფილიალში გაანაღდა. ეს, დაახლოებით, 2 ტონა 5000-იანი რუსული რუბლის კუპიურაა. მურადოვმა 8.4 მლრდ რუბლად (107 მლნ დოლარად) ძვირფასი ლითონის ზოდები შეიძინა, ხოლო დარჩენილი 3 მლრდ რუბლი (38 მლნ დოლარზე მეტი) მესამე პირებზე ახალი უპროცენტო სესხების სახით გასცა.
რუსეთში კადიროვის ცრუმაგიერი პირები ბიზნესმენები, პაველ კროტოვი და სერგეი კროპაჩოვი არიან, რომლებიც, მათ შორის, რუსეთიდან წასულ ყავის მაღაზიების ქსელ Starbucks-სა და სწრაფი კვების რესტორნების ქსელ McDonald’s-ში ბიზნესაქტივებს ფლობენ.
სასახლე-რეზიდენცია
რამზან კადიროვის მდიდრული რეზიდენცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხით აშენდა და 331 მლნ დოლარი დაჯდა. ულამაზესი ვარდისფერი შენობა, რომელიც გროზნოს ლენინის რაიონში მდებარეობს, მდინარე სუნჟას ნაპირებზე აშენდა. მდინარის კალაპოტი სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიცვალა და გასწორდა, რამაც ახალი ნახევარკუნძული შექმნა, რომლის ფართობიც მოსკოვის კრემლის ზომას შეესაბამება.
კადიროვის სასახლის ინტერიერის ფართობი 64 ათას კვადრატულ მეტრს აღწევს. სასახლეში იატაკი ხალიჩებით არის დაფარული, რომელთა საერთო ფართობი 13,2 ათას კვადრატულ მეტრამდეა, კედლებზე 4,3 ათასი ფართობის გობელენები ჰკიდია, ფანჯრებზე კი მრავალფაქტურიანი ჟალუზებია.
სასახლეს, მინიმუმ, 40 ადამიანი ემსახურება, ხოლო ტერიტორიის დასუფთავებით, დაახლოებით, 30 მუშა არის დაკავებული. ტერიტორიის მოვლა 1.5 მლნ დოლარი ჯდება. ამ თანხით რეზიდენციის ტერიტორიაზე 36 ჰექტარი გაზონი გაშენდა და სხვადასხვა სახეობის 2260 ხე დაირგო. ყვავილების საერთო ფართობი 8 ჰექტარს აღწევს. პარკს ბილიკები და სარწყავი სისტემა აქვს.
სასახლის მთავარი შენობის გარდა, რამზან კადიროვის რეზიდენციის ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობაა, რომელთა საერთო ფართობი 6,4 ჰექტარს აღწევს. ამ ტერიტორიაზე ყველა შენობა დაბალი, მაქსიმუმ, 5 სართულიანია.
ავტოპარკი
ამჟამად კადიროვის ავტოპარკშია
- Mercedes-Benz McLaren - სავარაუდო ღირებულება 1 მლნ დოლარი
- Mercedes-Benz AMG GT Mansory – 700.000 დოლარი
- Mercedes G63 AMG Sahara Edition Mansory – 820.000 დოლარი
- Mercedes-Benz SLR McLaren Stirling Moss - ექსკლუზიური; 1.2 მლნ დოლარი
- Bugatti Veyron – 1.5 დოლარი
- Lamborghini Reventon – 1.5 მლნ დოლარი
- Ferrari F430 – 450.000 დოლარი
- Aston Martin One-77 – 1.5 მლნ დოლარი
ასევე, კადიროვის ავტოპარკში რუსული ავტომობილები, ვოლგა გაზ- SPECIAL, Lada Priora, ვაზ-2105 და ჩვეულებრივი ზაპოროჟეცი, ზაზ-968М, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იწარმოებოდა.