1768550400
„თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ დაწერილი ჯარიმებიდან 2025 წელს ბიუჯეტი 17.527 მლნ ლარზე მეტით შეივსო
2025 წელს, „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტი 17.527 მლნ ლარზე მეტით შეივსო. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასული წლის იანვარ-დეკემბერში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 17 527 091 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 17 031 372 ლარი.
ამასთან, წელს მხოლოდ დეკემბერში „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით ხაზინა 2.8 მლნ ლარზე მეტით შეივსო. შედეგად, 2025 წელს, წლიურად შესრულებულმა გეგმამ წინა წლის მაჩვენებელს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 276 885 325 ლარი შევიდა, 2024 წელს - 218 092 463 ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.



