„თბილისიდან თელავამდე მგზავრობა 1.20 საათში იქნება შესაძლებელი - ბადიაურთან ახალი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა“

სატრანსპორტო კვანძი

„კახეთის მაგისტრალის განვითარება საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთით გრძელდება. გზის ამ ნაწილის 17 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულებულია ვერტიკალური სადრენაჟე სისტემებისა და გზის საფუძვლის გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს მიწის სამუშაოები, საგზაო სამოსის ქვიშა-ხრეშოვანი და ასფალტ-ბეტონის ფენების მოწყობა. კომუნიკაციების გადატანა, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა. ასევე მიმდინარეობს ხიდების კოჭების დამზადება და დამცავი ბარიერების მონტაჟი.

პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი, ხოლო სოფელ ბადიაურთან მოეწყობა ახალი სატრანსპორტო კვანძი. საგრძნობლად განახლდება ახალი სატრანსპორტო ქსელიც, რომელიც მთავარ მაგისტრალს დაუკავშირდება. მონაკვეთი სოფლებს, თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს გვერდს აუვლის. ახალი გზით მგზავრობის დრო 15 წუთის ნაცვლად მხოლოდ 10 წუთი გახდება და მანძილი 2 კილომეტრით შემცირდება. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში გადაადგილებას და მთლიანად ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განახლებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადიაურის კვანძთან თანამედროვე სავაჭრო მოედნის მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების პროდუქციის, კახური ტრადიციული პროდუქტის რეალიზაციას.

ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს. კახეთის ოთხზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის საერთო ჯამში ბაკურციხემდე 85 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იგეგმება. კახეთის მაგისტრალის მშენებლობის სრულად დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება კი 276 700 000 ლარს შეადგენს.