თბილისის მერია დედაქალაქის ტერიტორიაზე დროშების დაკიდება-მოხსნაში 240 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

საქართველოს დროშა

თბილისის მერია დედაქალაქის ტერიტორიაზე დროშების განთავსება-მოხსნაში 240 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება. მომსახურება 2024-2025 წლების თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 60 % წელს 40 % კი მომავალ წელს. 

როგორც ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შესყიდვის ობიექტია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო დროშების (მათ შორის საქართველოს), სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დროშების და დაბრენდილი დროშების განთავსება - მოხსნის და დასაწყობების მომსახურება.

მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, ჰქონდეს საჭირო ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, არანაკლებ ორი ამწე კალათა.  ყოველი კონკრეტული დავალებისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო (მოკლეტექსტური) შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია გასაწევი მომსახურების რაოდენობის, თარიღის, მომსახურების გაწევის ვადებისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად შემსყიდველის დავალების შესაბამისად.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მომსახურების მიმწოდებელს მოუწევს 15 000 დროშის განთავსება და მოხსნა. მათგან 9 000 ცალი 2024 წელს, 6000 ცალი 2025 წელს.