„თხილის საექსპორტო ფასმა 10.06 დოლარს მიაღწია - ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა იტალია“ - სამინისტრო

თხილი - სოფლის მეურნეობა

2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 117.4 მლნ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 171.4 ტონით გაიზარდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 48.8 მილიონი დოლარით (71%-ით).

„1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10.06 აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 69%-ით აღემატება.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა იტალია (3.7 ათასი ტონა), მას მოსდევს ესპანეთი (1.3 ათასი ტონა), გერმანია (786.3 ტონა) და საფრანგეთი (617.6 ტონა).

ამასთან, ქართული თხილი აქტიურად გადის ექსპორტზე სირიაში, სომხეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.