„წელს ამინდმა ძალიან დაგვაზარალა - ველოდებოდი 150 ტონა მოცვს და შესაძლოა, 50 ტონაც ვერ დავკრიფო“ - ფერმერი

მოცვი

„წელს ამინდმა ძალიან დაგვაზიანა, ზარალი დაახლოებით 70%-ია“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გურიაში მდებარე მოცვის მწარმოებელი კომპანია „ნამიანის“ დირექტორი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, თებერვალში გურიაში მოსულმა თოვლმა, შემდეგ კი ქარმა და ყინვებმა მოცვის მწარმოებლებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მაგალითად, ჩხიკვიშვილი 32 ჰექტარზე გაშენებული მოცვის ბაღებიდან 150 ტონა მოსავალს ელოდებოდა, ამინდების გამო კი, ვარაუდობს, რომ წელს მიღებულმა მოსავალმა შესაძლო, 50 ტონას მიაღწიოს.

„ზარალი მაქვს, ძალიან დავზიანდით - დაახლოებით 100 ტონა მოცვი დავკარგე“

„წელს ამინდმა ძალიან დაგვაზიანა. როგორც იცით, თებერვალში გურიაში ორი მეტრი თოვლი მოვიდა, გარდა ამისა, იყო ძლიერი ქარი და ყინვა. ფაქტობრივად, ამინდის კუთხით, რაც კი შეიძლებოდა, ყველა პრობლემა დაგვატყდა თავს, შედეგად ზარალი საკმაოდ დიდი გვაქვს. რაც არ უნდა დახარჯო აგრონომიული ბიზნესის კუთხით, საბოლოო ჯამში, მაინც ამინდზე ხარ დამოკიდებული. საკმაოდ ანომალიური წელიწადი გვაქვს, 40 წელია ასეთი თოვლი გურიაში არ ყოფილა, ამან დიდი ზარალი მოგვაყენა.

დაახლოებით 32 ჰექტარზე მაქვს მოსავალი, წელს ზარალი მაქვს დაახლოებით 100 ტონა - ველოდებოდი 150 ტონას და შესაძლოა, 50 ტონაც ვერ დავკრიფო. თებერვალში მოსული დიდი თოვლის გამო, მცენარის მთავარი ტოტები დაიმტვრა, რეალურად ამ მთავარ ტოტებზე უნდა მოსულიყო წელს მოსავლის ძირითადი ნაწილი. ეს ტოტები დაახლოებით 3 წლის ნაზარდი იყო, ამ ტოტების ხელახლა ზრდას სჭირდება დრო, აქედან გამომდინარე, მომავალ წელსაც გაგვიჭირდება შესაბამისი რაოდენობის მოსავლის მიღება“, - აღნიშნავს ფერმერი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ქართული მოცვის ექსპორტს ახორციელებს პოლონეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაში. რაც შეეხება ფასებს, 1 კგ. მოცვის ფასი 4 ევროდან იწყება.