1743406652
წელს საავტომობილო გზების 9 პროექტი დაიწყო - ჯამური ღირებულება 266 მლნ ლარს აჭარბებს

2025 წელს საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზების 9 პროექტი დაიწყო, - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ წელს დაწყებული პროექტების ჯამური ღირებულება 266 233 951 ლარს შეადგენს.
გზები, რომელთა რეაბილიტაციაც 2025 წელს დაიწყო
- კერძოდ, ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ57-ზე, ხევზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 1 768 918 ლარია. პროექტს შპს Construction Service ახორციელებს.
- ამასთანავე, 2025 წელს დაიწყო თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) გზის კმ53-ზე, მდ. ანთოკის ხევზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. პროექტს შპს „ხელვაჩაურის საგზაო“ 1 761 892 ლარად ახორციელებს.
- სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე. პროექტის ღირებულება 6 916 850 ლარია, ხოლო განმახორციელებელი კომპანია შპს „თავადი-I”-ია.
- საავტომობილო გზის ამავე მონაკვეთზე მდინარე ხუბურზე არსებული სახიდე გასასვლელის რეაბილიტაციაც ხორციელდება. სამუშაოებს შპს „სინათლე-2006“ 669 999 ლარად ასრულებს.
- ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის კმ27-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი ასრულებს შპს „ხვამლი XXI“. ხელშეკრულების ღირებულება 16 249 987 ლარს შეადგენს.
- 20 571 314 ლარი ჯდება ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის კმ69-კმ79 მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელსაც შპს „ბონდი-2009“ ახორციელებს.
- ჭრებალო ნიკორწმინდას საავტომობილო გზის კმ1-ზე, მდ. რიონზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის დარჩენილი სამუშაოები 3 922 655 ლარი ჯდება. ხელშეკრულება „აისბერგი 24“-თან არის დადებული.
- China Railway Tunnel Group Co. LTD ახორციელებს სტეფანწმინდა-გველეთის კმ 0+440 - კმ 4+940 მონაკვეთის მშენებლობას (ლოტი 1). ამ შემთხვევაში ღირებულება 212 548 323 ლარს უტოლდება.
- და ბოლოს, 1 824 013 ლარი ჯდება ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ კმ0+900-ზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ადგილზე სამუშაოებს შპს „ჯი ვი თი“ ჯგუფი ახორციელებს.