ცნობილია, სად აშენდება რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქი

რუსთავი

"მიმდინარეობს უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები," - ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ სოფიო ხორგუანის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.

პარლამენტის წევრი უწყებისგან რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის საპროექტო არეალის, პროექტის განხორციელების ვადებისა და დოკუმენტაციის შესახებ ითხოვდა ინფორმაციას.

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მიმდინარეობს უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდგომ კი დაიწყება პროექტთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება“, - ნათქვამია უწყების პასუხში.

ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ პროექტთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება სწორედ უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციას თან ერთვის პროექტის სიტუაციური ნახაზიც, საიდანაც ირკვევა, რომ რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისიდან რუსთავისკენ მიმავალ ცენტრალურ ტრასასა და მდინარე მტკვარს შორის არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, მდინარის მარჯვენა სანაპირო ზოლთან ახლოს აშენდება.

ნახაზის მიხედვით, უფრო კონკრეტულად, საპროექტო არეალი 21-ე მიკრორაიონსა და გაჩიანისკენ მიმავალ გზას შორის მდებარეობს, შერჩეულ ზონაში კი გადის ენერგოკომპანია bp-ის საერთაშორისო მილსადენები და შესაბამისი დამცავი ზოლი.

შეგახსენებთ, 2025 წლის დეკემბერში განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ 50 000 ჰექტარზე, რუსთავის სიახლოვეს, სტუდენტური ქალაქი აშენდებოდა. მანვე აღნიშნა, რომ ანალოგიური სტუდენტური ქალაქის მშენებლობა დაგეგმილია ქუთაისშიც, ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარედ. მაშინ მიქანაძემ აღნიშნა, რომ სტუდენტურ ქალაქებში იქნება როგორც საცხოვრებელი, ისე რეკრეაციული სივრცეები, ბიბლიოთეკები და ყველანაირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

მოგვიანებით, 2026 წლის თებერვალში მთავრობამ მუნიციპალური განვითარების ფონდს საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ქალაქმშენებლობითი) დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა დაევალა.