ვაგრძელებთ ოპტიმიზაციის შემდგომ ეტაპებს - მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება და ახალი ხედვა სულ მალე გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პირველადი გეგმა. ოპტიმიზაცია საწარმოებში უკვე მიმდინარეობს. აღნიშნული გეგმით ბიუჯეტმა 700 მლნ ლარის დანაზოგი ნახა. თანხის ეს მოცულობა ორი ძირითადი მდგენელისგან შედგება, პირველი ეს საკადრო ოპტიმიზაციაა და მეორე უშუალოდ პროექტების, შესყიდვებისა და სხვა რიგი ღონისძიებების ოპტიმიზაციით მიღებული დანაზოგი.

მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიემართება საწარმოების შემდგომი გაძლიერებაში, შემდგომ გაჯანსაღებაში, მიზნობრივი პროექტების განხორციელებაში, რასაც უდიდესი გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ გაძლიერებაზე, სექტორულ გაძლიერებაზე. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ოპტიმიზაციის შემდგომ ეტაპებს და ახალ ხედვებს წარმოვადგენთ უშუალოდ სექტორული და საწარმოების გაჯანსაღება განვითარების კუთხით, რასაც მომავალში საზოგადოება ძალიან მალე შეიტყობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად მთავრობამ წელს ჯამში 700 მლნ ლარამდე დაზოგა.