ვაკის საცურაო აუზი მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვაკის საცურაო აუზი

ვაკის საცურაო აუზი მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ცვლილება, რომლითაც კომპანია "ავტოგრაფის" 100%-ის წილი ტაჯიკ ბიზნესმენს მირზო ჯამშედს გადაეცა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებაა და აუზის მართვას და განვითარებას იგივე მენეჯმენტი გააგრძელებს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ვაკის საცურაო აუზი გაიყიდა და მას ახალი მფლობელი ჰყავს. მოგახსენებთ რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, გარკვეული ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა, თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ აუზს ახალი მფლობელი ჰყავს და მისი ფუნქციონირება საფრთხის წინაშე დგას.

ვაკის საცურაო აუზი, ოლიმპიური სტანდარტის შესაბამისია და ის ამიერ კავკასიაში სიდიდით პირველ ადგილს იკავებს. გარდა სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექს, თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს, სწორედ ამიტომ ჩვენ მის განვითარებასთან დაკავშირებით , დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენი სურვილია რომ აუზი და კლუბი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მომავალში მრავალფეროვანი შესაძლებლობები შევტავაზოთ საზოგადოებას.

გვსურს დავამშვიდოთ ჩვენი კლუბის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი: ვაკის საცურაო აუზი აგრძელებს მუშაობას და არანაირი სხვა საკითხი დღის წესრიგში არ დგას,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვაკის საცურაო აუზი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე 49-ში მდებარეობს. აუზი 3196 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე არის განთავსებული.

ბიზნეს რეესტრის თანახმად აუზის აქტივები 18.6 მილიონ ლარს შეადგენს. 2023 წელს მისი ამონაგები 5.8 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ობიექტი 1.9 მილიონი ლარის ზარალზე იყო.

bm.ge