„ყველა მეფუტკრეს ვურჩევ, საფუტკრეები მაქსიმალურად ხშირად ამოწმონ“ - ალეკო პაპავა

ფუტკარი

საქართველოში 10 ათასზე მეტი საფუტკრე მეურნეობაა და, ამ ფონზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირებული მხოლოდ 94 მეურნეობა, ძალიან მცირე, ვიტყოდი, კატასტროფული რიცხვია“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალეკო პაპავამ.

როგორც იგი აღნიშნავს, სურსათის ეროვნული სააგენტო, მეფუტკრეობის კუთხით, არც ისე ეფექტიანად მუშაობს და პრობლემებთან გამკლავება საკუთარი ძალებით უწევთ.

„ჩვენი გამოთვლებით, საქართველოში 10 ათასზე მეტი საფუტკრე მეურნეობაა და, ამ ფონზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირებული მხოლოდ 94 მეურნეობა, ძალიან მცირე, ვიტყოდი, კატასტროფული რიცხვია, ეს ხომ საერთო რაოდენობის 1%-იც არ გამოდის?! ჩემი აზრით, ნებისმიერ სოფელში გამგებელმა თუ ხელმძღვანელმა პირმა იცის, ვის ჰყავს ფუტკრის ოჯახები. შესაბამისად, რეგისტრაციის ეს პროცესი უფრო აქტიურ მუშაობას მოითხოვდა.

ზოგადად, სურსათის ეროვნული სააგენტოს აქტივობები, მეფუტკრეობის სფეროს მიმართ, ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულია. მაგალითად, იგივე მოხდა დაავადება ტროპილელაფსოზის მართვისასაც, არადა, არსებობდა რეალური საშიშროება, რომ ამ დაავადებას ფუტკრების ათობით ათასი ოჯახი გაენადგურებინა.

ამ კუთხითაც, ისევ ჩვენ, მეფუტკრეებმა ვიყოჩაღეთ, დავესწარით ტრენინგებს, მივიღეთ ცოდნა და შევძელით, ამ სერიოზულ პრობლემას გავმკლავებოდით. საბედნიეროდ, უკვე გვაქვს პრეპარატები, მეთოდები და გამოცდილება საიმისოდ, რომ ჩვენი საფუტკრეები მუდმივი საფრთხის ქვეშ არ იყოს და ამ დაავადების მართვა და მასთან გამკლავება შეგვიძლია. მეორე მხრივ, ყველა მინდა გავაფრთხილო, რომ ესაა დაავადება, რომელიც დროულ აღმოჩენასა და ჩარევას საჭიროებს. ამიტომ, ყველა მეფუტკრეს ვურჩევ, რომ იყონ ყურადღებით და თავიანთი საფუტკრეები მაქსიმალურად ხშირად ამოწმონ“, - აღნიშნა პაპავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.