ყველაზე ძვირი მთაწმინდა, ყველაზე იაფი კი სამგორი - როგორია ახალი ბინების ფასი უბნების მიხედვით

ბინები

საქსტატის მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.6%-ით გაიზარდა, ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 7.0% შეადგინა.

ამასთან, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57.0%-ით არის გაზრდილი. როგორც საქსტატი განმარტავს, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

როგორც საქსტატი განმარტავს, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (0.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.2 %). ამასთან,2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 6.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 7.2%-ით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ბინები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე, სადაც კვ.მ-ის ღირებულება საშუალოდ 6767 ლარია, ხოლო იაფი სამგორში, აქ კვ.მ-ის ფასი 3483ლარია.

ფრო კონკრეტულად, ახალი ბინების ფასები (კვ.მ), თბილისის უბნების მიხედვით ასეთია:

  • მთაწმინდა - 6 767 ლარი
  • ვაკე - 5 896 ლარი
  • ჩუღურეთი - 4 431 ლარი
  • საბურთალო - 4 316 ლარი
  • დიდუბე - 4 057 ლარი
  • კრწანისი - 3 948 ლარი
  • ნაძალადევი - 3 898 ლარი
  • ისანი - 3 789 ლარი
  • გლდანი - 3 640 ლარი
  • სამგორი - 3 483 ლარი