1747994683
„ყველაზე მოთხოვნადია 60 კვ.მ-იანი კოტეჯი“ - რომელ რეგიონებში ითხოვენ ყველაზე ხშირად ხის სახლების აშენებას?

საქართველოში კოტეჯების მშენებლობაზე მოთხოვნა მზარდია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „დიდოსტატის“ დირექტორმა და თანადამფუძნებელმა თინათინ სამყურაშვილმა განაცხადა.
როგორც სამყურაშვილი აღნიშნავს, დროთა განმავლობაში იკლო კრიტიკულმა კითხვებმა, ადრე კომპანიას ხის სახლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაცილებით მეტი საუბარი უწევდა, ვიდრე დღეს.
„როცა დაარსდა კომპანია, მაშინ ბევრად უფრო მეტი საუბარი და ახსნა გვიწევდა ხის სახლების დადებითობასთან დაკავშირებით. რაც დრო გადის, ნაკლები საუბარი გვიწევს, მოდიან უკვე მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ უნდათ ხის სახლი,“ - გვიყვება სამყურაშვილი.
მისივე თქმით, ხის სახლების მშენებლობაზე მოთხოვნას ხელს უწყობს ისიც, რომ კომერციულად მომგებიანია, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები, დასვენების კუთხით არჩევანს ხშირად კოტეჯებზე აჩერებენ.
„ტურისტების მხრიდანაც დიდი მოთხოვნაა კოტეჯებზე, ამიტომ კომერციული მიზნით მოთხოვნადია“, - ამბობს ის.
„დიდოსტატს“ ჯამში 200-მდე სასტუმროსა და საცხოვრებელი ტიპის კოტეჯი აქვს აშენებული. კომპანიის დირექტორს ვკითხეთ, კონკრეტულად რომელ რეგიონშია ყველაზე დიდი მოთხოვნა ხის სახლებზე.
„განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ერთი პერიოდი მაღალმთიან რეგიონში - ყაზბეგი, სვანეთი - ძირითადად ტურისტული მიზნით გასაქირავებლად და ბოლო პერიოდში უფრო მეტად გაზრდილია თბილისის შემოგარენში მოთხოვნა. თბილისში ძირითადად მუდმივ საცხოვრებლად სურთ აშენება. ზოგი სააგარაკედაც აშენებს“, - აღნიშნა სამყურაშვილმა.
როგორც სამყურაშვილი აღნიშნავს, პანდემიამ ხის სახლების ტიპებზე მოთხოვნა შეცვალა, იქამდე თუ 2-3 სართულიანი კოტეჯების აშენებაზე იყო მოთხოვნა, პანდემიის შემდეგ დამკვეთები უპირატესობას 1-2 საძინებლიან ინდივიდუალურ ხის სახლებს ანიჭებენ.
სამყურაშვილის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი კოტეჯი არის დაახლოებით 60 კვ.მ-იანი. მის ასაშენებლად კომპანიას დაახლოებით თვე-ნახევარი სჭირდება. რაც შეეხება კვადრატულის ფასს, ხარისხის და დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით, საფასური 1 300 ლარიდან იწყება.
ცნობისთვის, კომპანია „დიდოსტატი“ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართულ ბაზარზე კოტეჯების მშენებლობა დაიწყო. კომპანიას ამჟამად დასაქმებული ჰყავს 6-7 ადამიანი, თუმცა ზაფხულში მოთხოვნიდან გამომდინარე, თანამშრომელთა რაოდენობა იზრდება.