რუსეთში ქალების დეფიციტია - პუტინი

პუტინი

რუსეთი ქალების დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ პუტინმა მთავრობის წევრებთან დემოგრაფიულ საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რასაც The Moscow Times ავრცელებს.

მისი თქმით, თუ საბჭოთა კავშირის დროს ცხრა კაცზე 10 ქალი მოდიოდა, ამჟამინდელი სტატისტიკა შეცვლილია და ქვეყანაში “ქალების დეფიციტია.”

ვიცეპრემიერ ტატიანა გოლიკოვამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა და ქალების რაოდენობა ორი „დემოგრაფიული ტალღის“ შედეგად შემცირდა. პირველი ტალღა დიდი სამამულო ომის დროს, მეორე კი 1990-იან წლებში მოხდა და ორივემ „რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.

მთავრობის მონაცემებით, 2006 წლიდან რუსეთში რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა 13%-ით, 39-დან 34 მილიონამდე შემცირდა, ხოლო 2046 წლისთვის, ოფიციალური პროგნოზით, კიდევ 20%-ით, 27 მილიონამდე შემცირდება.

ამდენად, გოლიკოვას თქმით, მთავრობა მრავალშვილიანობაზე დებს ფსონს და თუ ოჯახში ერთი შვილიც არ არის, პლუს ერთი კი არა, ორი და სამიც უნდა იყოს.”

რუსეთში შობადობა 200-წლიან მინიმუმზეა

თუმცა დემოგრაფიული ხვრელიდან რუსეთის გამოსაყვანად მრავალშვილიანობის, ტრადიციული ღირებულებებისა და აბორტის შეზღუდვების პროპაგანდა უძლური აღმოჩნდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაბადებულთა რაოდენობა წლიურად კიდევ 4%-ით, 288,8 ათასამდე შემცირდა, რაც ქვეყნისთვის XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის შემდეგ მინიმუმია.

ხელისუფლებამ ჯერ დეტალური დემოგრაფიული სტატისტიკა, ანუ თვეებისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები, შემდეგ კი რუსეთის მთლიანი მოსახლეობის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოვა.

ხელმისაწვდომი მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში 1.222 მლნ ბავშვი დაიბადა, რაც 1999 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2023 წელთან შედარებით შობადობა 3,4%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით მესამედზე მეტად შემცირდა. 2024 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის ბუნებრივი კლება 20%-ით დაჩქარდა და 596.2 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც, თვეში, საშუალოდ, მინუს 50 ათასი ადამიანი, ანუ დღეში 1.6 ათასი ადამიანია.

2018 წელს პუტინმა, ეროვნულ პროექტ „დემოგრაფიის“ ფარგლებში, მოითხოვა, რომ რუსეთის გადაშენება, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ მალევე დაიწყო, 6 წლის განმავლობაში შეჩერებულიყო. თუმცა შედეგი საპირისპიროა: ბუნებრივი კლება არათუ შენელდა, არამედ რამდენჯერმე დაჩქარდა და 2018-23 წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობას 3.4 მლნ ადამიანით გადააჭარბა.

გასულ წელს პუტინმა კვლავ დაისახა მიზნად, 2030 წლისთვის ბუნებრივი კლება ნულამდე შეამციროს.