28 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი მყინვარის დნობის შედეგად იპოვეს - ცხედარი დაუზიანებელი იყო

მამაკაცი

პაკისტანის შორეულ, მთიან, კოჰისტანის რეგიონში, მყინვარის დნობის შედეგად, 28 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის აღმოსავლეთით, ე.წ. ლედი ველიში, მწყემსმა შემთხვევით იპოვა კარგად შემონახული, ხელუხლებელი ცხედარი, რომელსაც ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა დაზიანებული.

ცხედარს თან პირადობის მოწმობაც აღმოაჩნდა. პოლიციამ მისი იდენტიფიცირება შეძლო, რადგან ის ამ ტერიტორიაზე 1997 წლის ივნისში დაიკარგა, როდესაც, ქარბუქის დროს, მყინვარის ნაპრალში ჩავარდა.

როგორც BBC იუწყება,  რეგიონში ბოლო წლებში თოვლის რაოდენობა შემცირდა, რის გამოც მყინვარები მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და დნობის პროცესი დაჩქარდა. ექსპერტების თქმით, ცხედრის აღმოჩენა აჩვენებს, თუ როგორ დააჩქარა კლიმატის ცვლილებამ მყინვარების დნობა.