American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა

შეჯახება

ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, რის შემდეგაც ორივე საჰაერო ტრანსპორტი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. სამაშველო ოპერაცია ამჟამად სწორედ მდინარე პოტომაკზე მიმდინარეობს.

როგორც ამერიკული მედია წერს, სამგზავრო თვითმფრინავში 64 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. სამხედრო ვერტმფრენში კი 3 ჯარისკაცი იყო. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

American Airlines-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის რობერტ აისომის განცხადებით, ავიაკომპანია "სრულად თანამშრომლობს" ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურთან მომხდარის გამოძიების მიზნით. „ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - განაცხადა მან.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ავიაკატასტროფას „საშინელი შემთხვევა" უწოდა.