რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი საბჭოთა დონემდე ეცემა

მარცვლეული

პირველად მრავალი წლის შემდეგ რუსეთი მარცვლეულის გლობალურ ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკარგვას მიუახლოვდა, რადგან წელს ქვეყნიდან საზღვარგარეთ მარცვლეულის ექსპორტი მესამედით მცირდება.

ამის შესახებ რუსეთის მარცვლეულის კავშირის პროგნოზში წერია, რასაც The Moscow Times ავრცელებს.

კერძოდ, კავშირის შეფასებით, წელს ფერმერები საზღვარგარეთ 48-49 მლნ ტონა მარცვლეულს გაყიდიან, მაშინ, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 72 მლნ ტონას შეადგენდა.

კავშირის პრეზიდენტი, არკადი ზლოჩევსკი აცხადებს, რომ ხორბლის ექსპორტი შესაძლოა, 41-42 მლნ ტონამდე შემცირდეს, რაც, გასულ წელთან შედარებით, 16 მლნ ტონაზე მეტი მოცულობით, ანუ 28%-იანი კლებაა.

ამასთან, ცენტრ “პროზერნოს” შეფასებით, მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის სავალუტო შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და 2023 წელს 15.5 მლრდ დოლარი მოიტანა, ამჟამად სწრაფად იკლებს. კერძოდ, იანვრის ბოლოს, 2024 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, მოცულობა 42%-ით შემცირდა, ხოლო თვის დასაწყისიდან ფერმერებმა მხოლოდ 2.5 მლნ ტონამდე ექსპორტი განახორციელეს.

არკადი ზლოჩევსკი ამბობს, რომ იანვარში ექსპორტის ვარდნა ყოველთვის ფიქსირდებოდა, „მაგრამ არასდროს განახევრებულა“.

მისი შეფასებით, მარცვლეულის ექსპორტი ცუდი მოსავლის შედეგად მცირდება, რომელიც უამინდობისა და თესლის იმპორტის აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაზარალდა. ამასთან, ფერმერებისთვის დამატებითი დარტყმა მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული გადასახადებია, რომლებიც 2021 წლიდან მოქმედებს.

„სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი მოსავლის საბჭოთა, ანუ პლინთუს დაბლა დონემდე ვარდნა იქნება”, - აცხადებს ზლოჩევსკი.

ცნობისთვის: რუსეთის მარცვლეულის კავშირის ერთ-ერთი უდიდესი პროფილური გაერთიანებაა, რომელიც, თითქმის, 300 აგრარულ ორგანიზაციას მოიცავს. ისინი რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის 90%-ს უზრუნველყოფენ.

bpn.ge