iPhone-ი Starlink-ის სატელიტს დაუკავშირდება

Starlink

Apple-მა, კომპანია SpaceX-თან და T-Mobile-თან თანამშრომლობით, თავის iPhone-ზე Starlink-ის სატელიტური კავშირის მხარდაჭერის ტესტირება დაიწყო.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, ამ ფუნქციის ბეტა-ვერსია iOS 18.3-ის განახლებას აქვს, რომელიც კომპანიამ 27 იანვარს გამოუშვა. ტესტირებაზე ჯერ მხოლოდ მომხმარებელთა მცირე ჯგუფს აქვს წვდომა.

პროგრამაში მოხვედრილმა მომხმარებლებმა T-Mobile-იდან ინსტრუქციადართული შეტყობინება მიიღეს, რომ T-Mobile Starlink-ის ბეტა-რეჟიმში იმყოფებოდნენ და სატელიტის საშუალებით მსოფლიოს, თითქმის, ნებისმიერი ადგილიდან ტექსტური შეტყობინებებით ხაზზე დარჩენა შეეძლოთ. ინსტრუქციის თანახმად, ფუნქციის გამოსაყენებლად მომხმარებელმა პროგრამა iOS 18.3-მდე უნდა განაახლოს.

როცა ტელეფონი მობილურ ქსელთან კარგავს კავშირს, ფუნქცია ავტომატურად ირთვება. თუმცა ამ დროისთვის თანამგზავრის საშუალებით მხოლოდ ტექსტური შეტყობინებების გადაცემა არის შესაძლებელი, ხოლო ზარებსა და მობილურ ინტერნეტს მხარდაჭერა არ ექნება, თუ სიახლოვეს ჩვეულებრივი დაფარვაა.

სამომავლოდ SpaceX და T-Mobile სატელიტური კავშირის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავენ, რომ iPhone-ის მომხმარებლებს არა მხოლოდ შეტყობინებების გაგზავნა, არამედ ზარების განხორციელება და მობილური ინტერნეტის გამოყენება შეეძლოთ.

ცნობისთვის: ამერიკული ავიაკომპანია United Airlines ფრენის დროს ინტერნეტ-სერვისების უზრუნველსაყოფად Starlink-ის ტესტირებას თებერვალში დაიწყებს, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე Starlink-თან დაკავშირება პირველად Embraer E-175-ის თვითმფრინავის კომერციულ რეისზე მოხდება. ასევე, ძირითად მარშრუტებზე Starlink-ით აღჭურვილი პირველი თვითმფრინავი წლის ბოლომდე აფრინდება.

bpn.ge