აზიის უმდიდრესი ოჯახების სიაში მუკეშ ამბანის კლანი ლიდერობს

მუკეშ ამბანის კლანი

Bloomberg-ის 20 უმდიდრესი აზიური ოჯახის სიაში ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის ოჯახური კლანი ლიდერობს.

სიაში ინდოეთის, ტაილანდის, ჩინეთის, ინდონეზიის, მალაიზიისა და აზიის სხვა ქვეყნების ყველაზე მდიდარი ოჯახები მოხვდნენ.

ამბანის კლანმა, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული კონგლომერატ Reliance Industries-ის მფლობელია, პირველი ადგილი 90,5 მლრდ დოლარის ფინანსური აქტივებით დაიკავა.

ტოპ 20-ეულში მეორე ადგილზე 42,6 მლრდ დოლარის ქონებით ტაილანდელი ჩერავანტონის ოჯახია, რომელიც კომპანიების ჯგუფ Charoen Pokphand-ს ფლობს. ის სასურსათო პროდუქტებს აწარმოებს და მთელ აზიაში წამყვან სატელეკომუნიკაციო ბიზნესს მართავს.

მესამე ადგილზე ინდონეზიელ ბანკირ ჰარტონოს ოჯახია, რომელიც 42,2 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს.

ამბანის გარდა, Bloomderg-ის სიაში კიდევ ექვსი ინდოელი ოჯახი მოხვდა.

ცნობისთვის: შვეიცარიული ფინანსური ჰოლდინგ UBS Group-ის მიხედვით, ინდოეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში მილიარდერების მთლიანი სიმდიდრე გასამმაგდა და ამჟამად 905,6 მლრდ დოლარს შეადგენს. თავად უმსხვილესი ინდოელი მილიარდერების რიცხვი ამ პერიოდის განმავლობაში გაორმაგდა და 300-ს მიუახლოვდა. ამჟამად ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულია 108 საოჯახო ბიზნესი, რომელთა კაპიტალი 1 მლრდ დოლარს აღემატება. ამ მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა.