ევროკავშირი ყველა ავიაკომპანიისთვის უფასო ხელბარგის ერთიან ზომას დააწესებს

ხელბარგი

ევროკავშირი ყველა ავიარეისზე, მათ შორის, ბლოკის საზღვრებს გარეთ ფრენებზე ხელბარგის წესის შეცვლას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.

ამჟამად სხვადასხვა ავიაკომპანიას, ძირითადად, დაბალბიუჯეტიან easyJet-ს, Ryanair-სა და Wizz Air-ს თვითმფრინავში ასატანი ხელბარგის ზომისა და ღირებულების შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვთ.

თუმცა ევროკავშირის ახალი წესით ხელბარგზე ერთიანი ზომა დაწესდება და ბორტზე მისი ატანა უფასო იქნება. ავიაკომპანია მგზავრებისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებას ვეღარ შეძლებს.

ინიციატორები აცხადებენ, რომ ინოვაცია დაასრულებს დაბნეულობას, როცა სხვადასხვა ავიაკომპანიის რეისებით მგზავრობისას მგზავრის ხელბარგი ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ მეტად დიდი ან მძიმეა მეორე ავიაკომპანიის ზომებისთვის. შედეგად მგზავრები დამატებითი გადასახადის მოთხოვნის სახით აეროპორტში უსიამოვნო „სიურპრიზებს“ აწყდებიან.

ამასთან, გასულ კვირას ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრებმა ავიაკომპანიებს სავარძლის ქვეშ დასადები უფასო ბარგის ზომების სტანდარტიზაცია შესთავაზეს. თუ ამ წინადადებას ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს, მგზავრებს, ჩანთის ბორბლებისა და სახელურის ჩათვლით, 40x30x15 სმ-ის ზომის ერთი უფასო ხელბარგის ბორტზე ატანა გარანტირებული ექნებათ, რომელიც, ასევე, შეიძლება, თვითმფრინავის სავარძლის ქვეშ მოთავსდეს.

ახალი წესი სავარძლის ქვეშ განთავსებულ ჩანთებზე გავრცელდება და ჯერ არ მოიცავს ჩემოდნებს, რომლებიც თვითმფრინავის სალონის ზედა განყოფილებაში თავსდება.

ცნობისთვის: Ryanair-ს თავის ბორტზე 40x20x25 სმ ზომის ხელბარგის უფასო ატანა აქვს დაშვებული, მაშინ, როცა Wizz Air-ში ეს ზომა 40x30x20 სმ-სა და არაუმეტეს 10 კგ წონას შეადგენს, ხოლო easyJet უფასოდ, ბორბლებისა და სახელურის ჩათვლით, 45x36x20 სმ ზომის ხელბარგს ატარებს.

bpn.ge