1749899664
ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა

ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ირანის მიერ გაშვებული რაკეტებიდან ერთ-ერთი ცენტრალურ ისრაელში მდებარე ქალაქ რიშონ ლეციონში საცხოვრებელ სახლებს დაეცა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ამასთან, „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 13 ივნისის საღამოს თელ-ავივში 34 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, პოლიციაში განაცხადეს, რომ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები რამდენიმე ეტაპად გაუშვა, თუმცა ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო.
შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. ამასთან, ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე ექვსი მეცნიერი დაიღუპა. გაერო-ში ირანის ელჩმა, ამირ საიდ ირავანიმ განაცხადა, რომ ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა და 320 დაშავდა.
13 ივნისის საღამოსა და 14 ივნისის ღამეს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიშები განახორციელა და 150-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა თელ-ავივსა და იერუსალიმში ისმოდა.