Ryanair არაადეკვატური ქცევის მგზავრებზე 500-ევროიან ჯარიმას აწესებს

Ryanair

უმსხვილესი ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Ryanair 500 ევროთი იმ მგზავრებს დააჯარიმებს, რომლებიც არაადეკვატური საქციელის გამო რეისიდან იხსნებიან.

ამის შესახებ ავიაკომპანიის განცხადებაში წერია, რასაც LIGA.net ავრცელებს.

ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ ჯარიმა “შემაკავებელი ფაქტორი გახდება და თვითმფრინავში მიუღებელი ქცევის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს.

„მიუღებელია, რომ ერთი მგზავრის არადისციპლინური საქციელის გამო მგზავრებმა ზედმეტი უხერხულობა განიცადონ”, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

წლის დასაწყისში Ryanair-მა ერთ-ერთ მგზავრს უჩივლა, რომლის არაადეკვატური ქცევის გამო 2024 წლის აპრილში რეისი ჩაიშალა. ავიაკომპანია მისგან 15.000 ევროზე მეტი ოდენობის ზიანის ანაზღაურებს მოითხოვდა.

2024 წლის აგვისტოში Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ოლირი აცხადებდა, რომ ბორტზე ძალადობის შემთხვევებს მგზავრების მიერ ალკოჰოლის მოხმარება იწვევს. ამდენად, მიმდინარე წლის იანვარში ავიაკომპანიამ ოფიციალურად მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, აეროპორტებში ალკოჰოლის გაყიდვები ორ სასმელამდე შეზღუდონ.

ცნობისთვის: აპრილში Ryanair ევროპაში პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც წელიწადში 200 მლნ მგზავრი გადაიყვანა. მაისიდან ავიაკომპანიამ მგზავრებისთვის 70-ევროიანი ჯარიმა ბარგის გადატანის წესების დარღვევისთვის დააწესა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ