1749899664
ირანზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ ოქროც ძვირდება

ირანზე ისრაელის თავდასხმის დაწყების შემდეგ ფასები, ნავთობის გარდა, ოქროზეც მკვეთრად გაიზარდა.
ინფორმაციას Investing.com ავრცელებს.
კერძოდ, ოქრო 1.8%-ით გაძვირდა და უნციაზე 3.444 დოლარამდე შეადგინა. ოქროზე სპოტური ფასიც 1.18 %-ით გაიზარდა და 3.425 დოლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება ნავთობს, Brent-ის ფასი 6%-ზე მეტად, 6.29 აშშ დოლარით გაძვირდა და ბარელზე 73.65 დოლარამდე მიაღწია. West Texas Intermediate-ის (WTI) ნავთობის ღირებულებამ, თითქმის, 10%-ით, 6.43 დოლარით მოიმატა და 74,47 დოლარამდე შეადგინა.
ცნობისათვის, 12 ივნისის, გვიან ღამით ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, ისრაელმა დაიწყო "პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად. მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.
ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ისრაელმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
თავდასხმების გამო საჰაერო სივრცე დახურა როგორც ისრაელმა, ასევე, ირანმაც. დღეს დილით, ანალოგიური გადაწყვეტილება იორდანიამაც მიიღო.
თავდასხმების გამო უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა ფრენები გააუქმეს ირანში, ისრაელში, ერაყში, იორდანიასა და ლიბანში. ფრენები შეაჩერეს - Emirates airline-მა, Etihad Airways-მა და flydubai-მ.