ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ლტოლვილების გაძევების კანონი მიიღო

ფინეთი

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ფინელ მესაზღვრეებს საშუალებას აძლევს, არ გაატარონ მიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში რუსეთიდან შესვლას ცდილობენ და თავშესაფრის მოთხოვნაზე მათ უარი უთხრან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ფინეთი ზრუნავს როგროც თავის, ისე ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოებაზე,“ - აცხადებს ფინეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერი ორპო.

Associated Press-ის ცნობით, 12 ივლისის კენჭისყრაზე დროებითი კანონის მიღებას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს, 200-დან 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ეს არის ხმების მინიმალური რაოდენობა, რაც კანონის მიღებას სჭირდება. 31 კანონმდებელი წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის: 2023 წლის ნოემბერში ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ცხრა საკონტროლო-გამშვები პუნქტი დახურა. მიზეზად ერაყიდან, იემენიდან, სომალიდან და სირიიდან ლტოლვილების ნაკადი დასახელდა, რომლებიც ქვეყანაში შესვლას რუსეთის გავლით ცდილობდნენ. ბოლო მოქმედი გამშვები პუნქტი, რაია-იოოსეპი 30 ნოემბრის ღამეს დაიხურა. 4 აპრილს ფინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები „შემდგომ გაფრთხილებამდე“ დახურული დაეტოვებინა.

მაისში პრემიერ-მინისტრ ორპომ განაცხადა, რომ ლტოლვილების გაძევების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლება რუსეთთან საზღვარზე გამშვები პუნქტების გახსნის საკითხს განიხილავს. 12 ივლისს ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მარი რანტანენმა განაცხადა, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნა საზღვარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.