იმპორტირებული ხორბალი ქართულზე თითქმის 100 ლარით ძვირია - რა ფასად იბარებენ წისქვილკომბინატები მარცვლეულს

ხორბალი

იმპორტირებული ხორბალი ქართულზე თითქმის 100 ლარით ძვირია - ამას მოწმობს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ბაზრის ბოლო მონაცემები. ასოციაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის წისქვილკომბინატებში იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ჩაბარების ფასი ტონაზე 730-750 ლარს შეადგენს, ქართული სასურსათო ხორბლის კი 600 -650 ლარია.

ქართული ხორბლის და ანალოგიური ხარისხის იმპორტირებული ხორბლის ჩაბარების ფასის სხაობის მიზეზი არის ის, რომ ორივე განსხვავებული საგადასახადო რეჟიმით იბეგრება. მაშინ როდესაც იმპორტირებული ხორბლის მოწოდება იბეგრება დღგ-თი (წისქვილის მიერ ხდება დღგ-ს ჩათვლა), ქართული ხორბლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-საგან. შესაბამისად, დღეს როდესაც იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ფასი 730-750 ლარია ტონაზე, წისქვილში ქართული სასურსათო ხორბლის ფასი 600-650 ლარია ტონაზე“, - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთთან, მათივე ცნობით, წისქვილებში ყველა შესყიდვა /ჩაბარებები ხორციელდება იმ პერიოდში ბაზარზე არსებული საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.

„ზოგადად, საქართველოში მაისის წვიმებმა გააჩინა მოლოდინი, რომ ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი და მათ შორის საჰექტარო მოსავლიანობა იქნება მაღალი. მიუხედავად იმ შეფერხებისა, რომელიც დაფიქსირდა ალაზნის ველზე მოსავლის აღების დასაწყისში, შარშანდელთან შედარებით უკეთესი მოსავლის და ფასის მოლოდინი კვლავ არსებობს. დღეის მდგომარეობით ფერმერების მიერ ჩაბარებულია 6 000 ტონამდე ხორბალი. ტრადიციულად ფასის ტრენდიდან გამომდინარე ფერმერები ინდივიდუალურად წყვეტენ განახორციელონ ხორბლის ჩაბარება ამ პერიოდში, თუ დაასაწყობონ და შემდგომ პერიოდში მოახდინონ რეალიზაცია. ნაწილი ფერმერებისა ტრადიციულად აბინავებს, ფასის შესაძლო გაძვირების მოლოდინით და შემდგომ უფრო გვიან პერიოდში ხორბლის რეალიზაციის მიზნით. დღეის მდგომარეობით, ხორბლის ჩაბარების ტემპი და რაოდენობა მრავალწლიან პრაქტიკასთან მიახლოებულია“, - აცხადებენ ასოციაციაში.