1749794924
მსოფლიოში ლტოლვილების რიცხვი 2011 წლის შემდეგ პირველად შემცირდა - გაერო

მსოფლიოში 2024 წელს ლტოლვილთა რიცხვი შემცირდა, რაც პირველად დაფიქსირდა 2011 წლის შემდეგ, როცა სირიაში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა მოსახლეობის მასშტაბური გადასახლება გამოიწვია.
ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ანგარიშში წერია, რასაც RBC ავრცელებს.
გასულ წელთან შედარებით ლტოლვილების რიცხვი 559.3 ათასით, 36.8 მლნ ადამიანამდე შემცირდა, რაშიც 5.9 მლნ პალესტინელი ლტოლვილი არ შედის. მათზე გაეროს კიდევ ერთი სააგენტო, ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო (UNRWA) არის პასუხისმგებელი.
2024 წელს UNHCR-მა სამშობლოში დაბრუნებული ლტოლვილების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა, რაც 2002 წლის შემდეგ პირველად მოხდა. წარმოშობის ქვეყნებში, დაახლოებით, 1.6 მლნ ლტოლვილი დაბრუნდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 92%, სირიის (512.7 ათასი ადამიანი), სამხრეთ სუდანის (404.7 ათასი), ავღანეთისა (364.4 ათასი) და უკრაინის (209.1 ათასი) მოქალაქეა. ოფისის შეფასებით, „დაბრუნება თავშესაფრის ყოფილ ქვეყანაში ან არახელსაყრელი გარემოებების, ან უსაფრთხოების პრობლემების, ანდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო ხდება.
ლტოლვილთა რეინტეგრაციისთვის ხელსაყრელი პირობებით UNHCR შემდეგ ქვეყნებს გამოყოფს:
- ნიგერია - 37.7 ათასი დაბრუნებული
- ბურუნდი - 21.1 ათასი
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 19.9 ათასი
- კამერუნი - 17.7 ათასი
კიდევ 188.8 ათასი ლტოლვილი თავშესაფრის ქვეყნებიდან ახალ საცხოვრებელ ადგილებზე განსახლების პროგრამების ფარგლებში გადავიდა, რაც 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მათი ძირითადი ნაწილი, ანუ 105.5 ათასი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
მსოფლიოში ყოველი 67-ე ადამიანი ლტოლვილია
ამასთან, მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 2024 წლის ბოლოსთვის რეკორდულ 123.2 მლნ ადამიანს მიაღწია. ამ კატეგორიაში დედამიწის ყოველი 67-ე მცხოვრებია. საერთო რაოდენობის მესამედზე მეტი სუდანელი (14.3 მლნ ადამიანი), სირიელი (13.5 მილიონი), ავღანელი (10.3 მილიონი) და უკრაინელია (8.8 მილიონი). ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, წელს ამ მაჩვენებელმა ბოლო 14 წლის განმავლობაში შესაძლოა, პირველად დაიწყოს შემცირება. აპრილის ბოლოსთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო რაოდენობა 1%-ით, 122.1 მლნ პირამდე შემცირდა. თუმცა ამ ტენდენციის შენარჩუნება იმაზე იქნება დამოკიდებული, იქნება თუ არა მიღწეული მშვიდობა ან თუნდაც ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მთავარ ცხელ წერტილებში, როგორიც არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი და უკრაინა. კიდევ ერთი ფაქტორი ავღანეთსა და სირიაში მოსახლეობის დაბრუნების პირობების შექმნაა.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც სამშობლოს არ ტოვებენ და თავშესაფარს ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე ეძებენ, მათი რიცხვი, ლტოლვილებისგან განსხვავებით, ზრდას განაგრძობს. კერძოდ, 2023-იდან 2024 წლამდე რაოდენობა 6.3 მლნ ადამიანით გაიზარდა და 73.5 მილიონს მიაღწია. ზრდა მიანმარსა და სუდანში კონფლიქტების გამწვავებამ განაპირობა. სამოქალაქო ომის გამო ამ აფრიკული ქვეყნის ყოველი მესამე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირია. ასევე, ვითარებას აუარესებს ჰაიტიში ბანდების მიერ განურჩეველი ძალადობის ესკალაცია და კოლუმბიაში იძულებით გადაადგილებულ პირთა შეფასების გადახედვა.
„ლტოლვილთა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის შესამცირებლად აუცილებელია პირველადი მიზეზების აღმოფხვრა, როგორიც არის კონფლიქტები, მთავრობის მიერ ძირითადი ჰუმანიტარული სამართლის უგულებელყოფა, ასევე, ძალადობისა და დევნის სხვა ფორმები,“ - წერს UNHCR.