მსოფლიოში 10-იდან 9 ბავშვს საკმარისად არ სძინავს, ცოტას ვარჯიშობს და გაჯეტთან დიდ დროს ატარებს - კვლევა

ბავშვი

მსოფლიოში 10-იდან მხოლოდ 1 ბავშვს სძინავს საკმარისი დრო, საჭირო ფიზიკურ აქტივობას ეწევა და მობილურ ტელეფონში ცოტა დროს ატარებს. ამის შესახებ ვულონგონგისა (UOW) და სტირლინგის უნივერსიტეტების მეცნიერთა კვლევის შედეგებში წერია, რასაც MedicalXpress ავრცელებს.

კერძოდ, მეცნიერებმა 33 ქვეყანაში 3-დან 4 წლამდე ასაკის 7 ათასზე მეტი ბავშვი გამოიკვლიეს და დაადგინეს კანონზომიერება, რომ უმეტეს მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ბავშვები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს არ ასრულებენ.

მაგალითად, WHO-ს რეკომენდაციების მიხედვით, 3-4 წლის ბავშვებს დღეში 10-13 საათი უნდა ეძინოთ, გაჯეტებთან საათზე ნაკლები დრო გაატარონ და ფიზიკური აქტივობით, მინიმუმ, 180 წუთი დაკავდნენ, საიდანაც 60 წუთი ზომიერი ან ძლიერი ინტენსივობის უნდა იყოს.

კვლევის ავტორი, კარ ხაუ-ჩონგი აცხადებს, რომ “5 წლამდე ადრეული ბავშვობა კრიტიკული ასაკია ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვება. თუმცა ბავშვების უმეტესობა საკმარის ფიზიკურ აქტივობას მოკლებულია და ეკრანთან მეტად დიდ დროს ატარებს, მაშინ, როცა აქტივობა და ხარისხიანი ძილი ბავშვის საერთო, ანუ ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია”.

მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს კანონზომიერება, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ბავშვების 16.6% საკმარის აქტივობას ეწევა, რომელიც ჯანმო-ს რეკომენდაციებს აკმაყოფილებს, მაშინ, როცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში საკმარისად აქტიური მხოლოდ 14.4%-ია.

მაგალითად, ყველაზე მაღალი, ანუ 23,9%-იანი მაჩვენებელი აფრიკაშია, სადაც ბავშვებს ხარისხიანი ძილი აქვთ, საკმარის ფიზიკურ აქტივობას ეწევიან და გაჯეტებთან მცირე დროს ატარებენ, ხოლო ყველაზე დაბალი, ანუ 7,7%-იანი მაჩვენებელი აშშ-ში დაფიქსირდა.