1728120960
გერმანია დასაქმებაზე უარის თქმისა და არალეგალური სამუშაოსთვის ჯარიმებს აწესებს
გერმანიის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც სოციალური დახმარების (Bürgergeld-ის) მიმღები პირებისთვის მოთხოვნებს ამკაცრებს.
ინფორმაციას გერმანიის შრომისა და სოციალური დაცვის ფედერალური სამინისტრო ავრცელებს.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, რომლებიც საპატიო მიზეზის გარეშე სამუშაოზე ან ტრენინგზე უარს იტყვიან, შემწეობა სამი თვის განმავლობაში 30%-ით შეუმცირდებათ.
უმუშევრებს, რომლებიც დასაქმების ცენტრში მიღებაზე საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდებიან, ანაზღაურება ერთი თვის განმავლობაში, ასევე, 30%-ით შეუმცირდებათ. მანამდე ეს ჯარიმა მხოლოდ 10%-ს შეადგენდა.
უფრო მკაცრი სანქციები ემუქრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო სოციალურ დახმარებას იღებენ და არალეგალურად მუშაობენ. კერძოდ, დასაქმების ცენტრებს კანონით მოეთხოვებათ, სავარაუდო არადეკლარირებული შრომის შესახებ საბაჟო ადმინისტრაციას შეატყობინონ.
„ეს მიზნად ისახავს მომავალში ეფექტურ ბრძოლას არადეკლარირებულ შრომასთან, რასაც სოციალური დახმარების მიმღები მოქალაქეები ეწევიან,“ - წერია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, გერმანიის მთავრობა ადგენს მაქსიმალურ დასაშვებ დროს, რომელიც ადამიანმა სამსახურში მგზავრობისას უნდა დახარჯოს. კერძოდ, თუ სამუშაო დღე არ აღემატება ექვს საათს, მაშინ სამსახურში ცალმხრივი მგზავრობის დრო არაუმეტეს 2,5 საათისა უნდა იყოს, ხოლო თუ სამუშაო დღე ექვს საათზე მეტია, მგზავრობის დრო სამ საათამდე განისაზღვრა.
კანონში ცვლილებები, ასევე, ლტოლვილთა ინტეგრაციულ სტაჟირებას ითვალისწინებს. ამის გარდა, დამსაქმებლები მიიღებენ სუბსიდიას, თუ ისინი ლტოლვილებს სამუშაოდან პროფესიული ენის კურსების გასავლელად გაათავისუფლებენ.
ცვლილებები გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესტაგმა) უნდა დაამტკიცოს და, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ამოქმედდება.
1728129600
ევროკავშირმა შინაური ცხოველების ტრანსპორტირების წესები შეცვალა16 სექტემბერს ევროკავშირმა შეცვალა შინაური ცხოველების (კატების, ძაღლების) ტრანსპორტირების წესები: ახლა ცხოველთა მფლობელებს მოუწევთ ცოფის ანტისხეულების ტესტის წარდგენა, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.ტესტის ჩასატარებლად შესაფერისი ლაბორატორიების სია გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე.ცოფის ანტისხეულებზე ტესტირების ბოლო ვადა დადგენილია ვაქცინაციის შემდეგ არა უადრეს 30 დღისა, ხოლო ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის დაგეგმილ თარიღამდე 90 დღით ადრე.ასევე, კატასთან ან ძაღლთან ერთად საზღვრის გადაკვეთისას დაგჭირდებათ წარმოადგინოთ სპეციალური ვეტერინარული პასპორტი, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. გარდა ამისა, სავალდებულო პირობაა შინაურ ცხოველს ჰქონდეს საიდენტიფიკაციო მიკროჩიპი ან ტატუ.ავიანიუსი
1728128284
OpenAI-მ $6.6 მილიარდი მოიზიდახელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის კომპანია OpenAI-მ, დაფინანსების ახალ რაუნდში, $6.6 მილიარდი მოიზიდა. შედეგად, ოთხშაბათის განცხადების თანახმად, ამერიკული კომპანიის შეფასებამ $157 მილიარდს მიაღწია, რაც ორჯერ მეტია წლის დასაწყისში არსებულ ღირებულებაზე.$6.6-მილიარდიანი დაფინანსება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევებს, OpenAI-ის პროდუქტებისა და სერვისების განვითარებასა და კომპანიის გამოთვლითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას მოხმარდება. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დაფინანსების რაუნდში დაახლოებით $1 მილიარდი შემდეგი კომპანიებისგან მოდიოდა: SoftBank-ი, Thrive-ი, Nvidia და Microsoft-ი.OpenAI-ის ამჟამინდელი შეფასება თითქმის გაორმაგებულია მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიის ღირებულებასთან შედარებით, რომელიც იმ დროს $80 მილიარდს უტოლდებოდა. The New York Times-ის ინფორმაციით, OpenAI-ის შეფასება თებერვალში $80-მილიარდს მას შემდეგ გაუტოლდა, რაც კომპანიამ თანამშრომლებს მათი აქციების გაყიდვის საშუალება მისცა.გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ოლტმენი კომპანიის მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გადაქცევის შემდეგ, 7%-იან წილს მიიღებს. ახალი შეფასების შედეგად კი მისი წილი, სავარაუდოდ, 11%-მდე გაიზრდება.ცნობისთვის, OpenAI-ის ღირებულება გასულ წელთან შედარებით თითქმის გაოთხმაგდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 1,000-დან 1,700 ადამიანამდე გაიზარდა. შემოსავლებისა და შეთავაზებების ზრდასთან ერთად, კომპანიამ მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გადაქცევა გადაწყვიტა. OpenAI-ის პროგნოზით, წელს კომპანია $3.7 მილიარდის შემოსავლის მიღებას ელოდება.წყარო: forbs.ge
1728122700
მსოფლიოში 10-იდან 9 ბავშვს საკმარისად არ სძინავს, ცოტას ვარჯიშობს და გაჯეტთან დიდ დროს ატარებს - კვლევამსოფლიოში 10-იდან მხოლოდ 1 ბავშვს სძინავს საკმარისი დრო, საჭირო ფიზიკურ აქტივობას ეწევა და მობილურ ტელეფონში ცოტა დროს ატარებს. ამის შესახებ ვულონგონგისა (UOW) და სტირლინგის უნივერსიტეტების მეცნიერთა კვლევის შედეგებში წერია, რასაც MedicalXpress ავრცელებს.კერძოდ, მეცნიერებმა 33 ქვეყანაში 3-დან 4 წლამდე ასაკის 7 ათასზე მეტი ბავშვი გამოიკვლიეს და დაადგინეს კანონზომიერება, რომ უმეტეს მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ბავშვები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს არ ასრულებენ.მაგალითად, WHO-ს რეკომენდაციების მიხედვით, 3-4 წლის ბავშვებს დღეში 10-13 საათი უნდა ეძინოთ, გაჯეტებთან საათზე ნაკლები დრო გაატარონ და ფიზიკური აქტივობით, მინიმუმ, 180 წუთი დაკავდნენ, საიდანაც 60 წუთი ზომიერი ან ძლიერი ინტენსივობის უნდა იყოს.კვლევის ავტორი, კარ ხაუ-ჩონგი აცხადებს, რომ “5 წლამდე ადრეული ბავშვობა კრიტიკული ასაკია ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვება. თუმცა ბავშვების უმეტესობა საკმარის ფიზიკურ აქტივობას მოკლებულია და ეკრანთან მეტად დიდ დროს ატარებს, მაშინ, როცა აქტივობა და ხარისხიანი ძილი ბავშვის საერთო, ანუ ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია”.მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს კანონზომიერება, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ბავშვების 16.6% საკმარის აქტივობას ეწევა, რომელიც ჯანმო-ს რეკომენდაციებს აკმაყოფილებს, მაშინ, როცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში საკმარისად აქტიური მხოლოდ 14.4%-ია.მაგალითად, ყველაზე მაღალი, ანუ 23,9%-იანი მაჩვენებელი აფრიკაშია, სადაც ბავშვებს ხარისხიანი ძილი აქვთ, საკმარის ფიზიკურ აქტივობას ეწევიან და გაჯეტებთან მცირე დროს ატარებენ, ხოლო ყველაზე დაბალი, ანუ 7,7%-იანი მაჩვენებელი აშშ-ში დაფიქსირდა.
1728121581
როგორია საპენსიო ასაკი ევროკავშირის ქვეყნებშიევროკავშირში საპენსიო ასაკი საშუალოდ 64.7 წელია, თუმცა ქვეყნების მცირე ნაწილში ეს ასაკი განსხვავებულია სქესის მიხედვით.ასეთ ქვეყნებში მამაკაცების საპენსიო ასაკი საშუალოდ 64.8 წელია, ხოლო ქალების - 61.9 წელი.მსგავსი მიდგომაა საქართველოშიც, სადაც კაცები საპენსიო დახმარებას - 65 წლიდან, ხოლო ქალები 60 წლიდან იღებენ.ნორმალური საპენსიო ასაკი ევროკავშირის ქვეყნების სოციალურ პენსიაში ასეთია: დანია - 67 წელი ნორვეგია - 67 წელი ნიდერლანდები - 67 წელი ირლანდია - 66 წელი პორტუგალია - 66 წელი ბელგია - 65 წელი ფინეთი - 65 წელი ესპანეთი - 65 წელი შვედეთი - 65 წელი ესტონეთი - 64 წელი ლატვია - 64 წელი ჩეხეთი - 64 წელი საფრანგეთი - 64 წელი სლოვაკეთი - 63 წელი საბერძნეთი - 62 წელი ლუქსემბურგი - 62 წელი სლოვენია - 62 წელი უნგრეთი კაცი - 65 წელი, ქალი - 62 წელი ლიეტუვა კაცი - 64 წელი, ქალი - 64 წელი ავსტრია კაცი - 65 წელი, ქალი - 60
1728115140
„ჩემი გოგრა 500 კილოზე მეტია - თესლი არ არის ქართული, არც ჰიბრიდია, ასეთი ჯიშია - ატლანტიკური გიგანტი ჰქვია“რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, სოფელ მარტყოფში მოიყვანეს 3 გიგანტური გოგრა, რომელზეც ვწერდი კიდეც, მაგრამ მათგან ამხელა არც ერთი ყოფილა. ეს ნამდვილი გიგანტია, - 500 კილოგრამზე მეტია და რაც მთავარია, ზრდას ჯერ კიდევ აგრძელებს. ზღაპრული და ჯადოსნური გარეგნობა აქვს. ინტერნეტში გიგანტური გოგრის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა."ჩერნობილიდანაა? კვახი 500 კილო კი არა, 50 კილომდეც არ იზრდება საქართველოში და თანაც სამეგრელოში" - წერენ გაოცებული ინტერნეტმომხმარებლები სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოს კომენტარებში.მისი მომყვანი ირაკლი ჯღარკავაა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან, რომელიც AMBEBI.GE-ს გიგანტური გოგრის ამბავს უყვება:- ამ გოგრის თესლი არ არის ქართული, არც ჰიბრიდია, უბრალოდ, ასეთი ჯიშია - ატლანტიკური გიგანტი ჰქვია. თესლი კანადიდან გამოვიწერე. იქ ხალხს ასეთი გიგანტური პროდუქტის მოყვანა ჰობად და სამოყვარულო სპორტადაც კი აქვთ ქცეული. შეჯიბრებები იმართება, ატარებენ ფესტივალებს. ყველაზე დიდი მსოფლიო რეკორდი, რაც გიგანტური გოგრის მოყვანის კუთხით დაფიქსირებულა - 1247 კილოგრამია. საერთოდ, ბოლო 10 წელია, აგრონომიული თემები ძალიან მიზიდავს, მომწონს, ფაქტობრივად ჩემი ჰობია. ამ გოგრის შესახებ ინფორმაციას 3 წლის წინ ინტერნეტში წავაწყდი. დამაინტერესა, იქნებ მეც გამომივიდეს-მეთქი. კანადაში იქაურებს დავეკონტაქტე, რომლებმაც თესლი გამომიგზავნეს. შარშან პირველი მცდელობა თბილისში, ჩემს აივანზე მქონდა. დავთესე, ნერგი გავზარდე, მაგრამ ის პირველი მცდელობა არ გამომივიდა, რადგან აივანზე მისთვის შესაბამისი პირობები არ მქონდა. მცენარემ პატარა ნაყოფი გამოიტანა, თუმცა შემდეგ ქარმა დამიმტვრია. მერე ზრდა შეაჩერა და მცენარე მოკვდა.- მაგრამ წელს ისევ სცადეთ დაგეთესათ?- რა თქმა უნდა. წელს სოფელში აპრილში ჩამოვედი, ერთი ცალი ჩითილი გამოვიყვანე. დათესვიდან ერთი თვე შენობაში, ხელოვნური განათების ქვეშ მქონდა, რადგან გარეთ სიცივე იყო და ღია გრუნტში ვერ გადამქონდა. არ დამიკლია მოვლა, პატრონობა, ყურადღება, შრომა... სანამ ღია გრუნტში გადავიტანდი, ნიადაგში ბიოლოგიური სასუქი შევიტანე და საერთოდ, ყველაფერი ის, რაც საჭირო იყო. შემდეგ 1-ელ ივნისს, ჩითილი ღია გრუნტში გადავიტანე და ასეთი შედეგი მაქვს. ერთი ცალი თესლით ეს გიგანტი გოგრა მივიღე. მისი ზრდის პროცესში მინერალურ სასუქებს ვაწვდიდი. ეს ისეთი მცენარეა, რაც უფრო მეტს "აჭმევ", უკეთესს შედეგს გაძლევს. 7 ივლისს უკვე მდედრობითი ყვავილი გამოაჩინა. ხელოვნურად დაიმტვერა. მერე შევფუთე, რომ სხვა მტვერი, მწერი არ მოხვედროდა. ეს იმისთვის, რომ თესლი 100%-ით დამეცვა და იგივე ყოფილიყო.- ნაყოფის გაზრდას რა დრო დასჭირდა - რა ინტენსივობით იზრდებოდა?- ზოგადად ამ მცენარის დათესვიდან მოსავლის აღებამდე 120-130 დღეა საჭირო. ჩემს გოგრას ეს პერიოდი უკვე გადალახული აქვს, მაგრამ ჯერ კარგ მდგომარეობაშია და ზრდას კიდევ აგრძელებს. მისი ზრდა დღეში 15 კილოგრამამდე აღწევდა.- ამას როგორ იგებდით?- სპეციალური პროგრამაა, სადაც ზომები სამგანზომილებაში შეგყავს და დაახლოებით წონას გიწერს. აქედან გამომდინარე ჩემი გოგრა 500 კილოზე მეტია. ჯერ რადგან ისევ ყუნწზეა და არ მომიჭრია, მისი რეალური წონა არ ვიცი, მაგრამ როგორც ინტერნეტში პროფესიონალები წერენ, მხოლოდ პატარა ცდომილებაა პროგრამის მიერ დაწერილ წონასა და რეალურს შორის. მოკლედ, ჯერ ისევ ყუნწზეა და კიდევ ვაკვირდები.- დეკორატიული ჯიში ხომ არ არის?- საჭმელად ამას არავინ იყენებს. ამის მოყვანა უფრო ჰობია და შეჯიბრი რეკორდებისთვის. დედამიწაზე მცენარეებში ყველაზე დიდი ნაყოფი ამ კონკრეტულ ჯიშს აქვს. როგორც გითხარით, არ არის გამოყვანილი, არც გენმოდიფიცირებული. საკვებად არც მე დამითესავს, თუმცა რომ დაიჭრება, ინტერესის გამო გემოს გავუსინჯავთ. მანამდე კი აუცილებლად ავწონით.- საქართველოს რეკორდების ფედერაციას არ შეატყობინეთ?- რამდენიმე დღის წინ მივწერე ინტერნეტით, ფოტოებიც გავუგზავნე. როგორც საიტზე უწერიათ,10 სამუშაო დღე უნდა, რომ საკითხი განიხილონ. ამიტომ, ჯერ ფედერაციის პასუხი არ ვიცი... ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ეს იდეა გახდეს პოპულარული. სოფელში ბევრი მსურველია, რომ მომავალ წელს დათესოს. ამას რაც მეტი გააკეთებს, უკეთესია. ყველას მინდა ვუთხრა, რომ თავად გაზრდის პროცესიც ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და აზარტულია. თან, მარტო მე რომ მაქვს და ვზრდი, ისეთი საინტერესო არ არის, თუ მეზობელიც მოიყვანს, საკითხს უკვე სხვანაირად შევხედავ.- პროფესიით ვინ ბრძანდებით?- ეკონომისტი, ფინანსები და საბანკო საქმე მაქვს დამთავრებული, მაგისტრატურა - მენეჯმენტის კუთხით. პროფესიით არცერთი დღე არ მიმუშავია. ვმუშაობდი ღვინის ქარხანაში, აიტის სპეციალისტი ვარ, აგრონომია კი ჩემი განსაკუთრებული გატაცებაა. ეზოში სათბურის კარკასი მაქვს, სამწუხაროდ, გადახურული არის, სადაც წელს 1000 ძირი პამიდორი დავრგე. მოვიდა, მაგრამ დიდი ნაწილი წვიმებმა გამიფუჭა - წელს ჭარბი ნალექი იყო. ახლა რომ ავიღებ ამ ყველაფერს, ვაპირებ, რომ სათბური გადავხურო. შემდეგ კი პამიდვრის ჩითილებს თავიდან დავრგავ. მაქვს ასე თხილი, მაგრამ ცოტა რთულად მოსავლელი კულტურაა და ამიტომ, მინდა ამოვიღო და ადგილი სხვა კულტურებს დავუთმო... 20 წელი აქ არ ვცხოვრობდით და ამის გამო ბევრი რამ გაფუჭდა... სოფელი თუ არ იქნა ძლიერი, ქვეყანას არაფერი ეშველება. უნდა მოვინდომოთ და შრომა არ უნდა დავიზაროთ. მეც ვიყავი სასწავლად სხვა ქვეყანაში წასული, კარგ სამსახურსაც მთავაზობდნენ, კარგ ანაზღაურებას, დარჩენის შანსი იყო, მაგრამ ვერ გავჩერდი და წამოვედი. ყველამ უნდა ვცადოთ და მოვსინჯოთ მიწასთან შრომა. ვინ იცის, იქნებ გამოვიდეს.