ოკეანეები ორჯერ უფრო სწრაფად თბება - Copernicus

ოკეანე

მსოფლიო ოკეანეების დათბობის ტემპი 2005 წლიდან გაორმაგდა. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის, Copernicus-ის ანგარიშში წერია.

ექსპერტები წერენ, რომ ოკეანე 1960-იანი წლებიდან სტაბილურად თბება, ხოლო, დაახლოებით, 20 წლის წინ დათბობის მაჩვენებელი გაორმაგდა.

კერძოდ, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ოკეანის დათბობის სიჩქარე კვადრატულ მეტრზე 0,58 ვტ-დან 1,05 ვტ-მდე გაიზარდა. მიზეზი ის არის, რომ 1970 წლიდან ოკეანეებმა სითბური გაზების გამოყოფით გამოწვეული ჭარბი სითბოს 90%-ზე მეტი შთანთქა.

Copernicus-ის ცნობით, ოკეანეების დათბობა ძლიერ და დამანგრეველ შტორმსა და ქარიშხალს იწვევს, ასევე, ოკეანეში საკვები ნივთიერებების ბალანსსა და ეკოსისტემას არღვევს.

ცნობისთვის: Copernicus-ის შარშანდელი კვლევის თანახმად, 2023 წელს დედამიწის ტემპერატურა, საშუალოდ, 1,52 გრადუს-ცელსიუსით მეტი იყო პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, რასაც კლიმატოლოგები გლობალური დათბობის მნიშვნელოვან ზღურბლად მიიჩნევენ. გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა სითბური გაზების ემისიების სწრაფი შემცირებაა.