რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი

34 წლის მერაბ დვალიშვილი 2024 წლის სექტემბერს UFC-ის მსუბუქ წონაში ჩემპიონი გახდა, რითაც კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. აღნიშნული ტიტული დვალიშვილმა გასულ კვირას მეორედ - ასევე წარმატებით დაიცვა.

Marca.com წერს, რომ გამარჯვებებმა დვალიშვილს მოუტანა როგორც კარიერული ასევე ფინანსური სარგებელი. კერძოდ, მაგალითად, „UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა“.

აღნიშნული გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი:

გამოცემის ცნობით, 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, დვალიშვილის წმინდა ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც ძირითადად მისი საბრძოლო ფონდებიდან, სპონსორობიდან და საწარმოებიდან მოდის.

უფრო დეტალურად, მნიშვნელოვნად გაზარდა დვალიშვილის შემოსავლები UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ. გამარჯვების შედეგად დვალიშვილმა საბაზისო ხელფასის სახით მიიღო ნახევარი მილიონი დოლარი. ამას დაემატა ბონუსები, რის შედეგადაც ამ გამარჯვებით ჯამში დვალიშვილმა 1.43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ამის შემდეგ იყო UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა ტიტულის დაცვისთვის, სადაც კვლავ გაიმარჯვა. ამ ბრძოლიდან მან საბაზისო 500 000 დოლარის ოდენობის ჯილდო მიიღო, ბონუსმა კი 50 000 აშშ დოლარს მიაღწია.

გარდა ამისა, დვალიშვილს აქვს რამდენიმე სპონსორობის ხელშეკრულებაც ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Flash Motors, Nabeglavi, StarPro Combat, Panini America, AMC Hyundai-Las Vegas, 31Betsocial და GA Logistics LLC.

ამასთანავე, ის Athlete Studio-სთან თანამშრომლობით მართავს ონლაინ მაღაზიას და აქვს YouTube არხი 100 000-ზე მეტი გამომწერით, რაც მას დამატებით შემოსავლის წყაროს უქმნის.

გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ დვალიშვილს საქართველოს მთავრობამ UFC 306-ზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ 1 მილიონი ლარის (დაახლოებით 367 000 აშშ დოლარის) ოდენობის ფულადი ჯილდოc გადასცა.

ინფორმაციისთვის, გამოცემის მიერ წარმოდგენილი ქონებრივი მდგომარეობა არ მოიცავს გასულ კვირას დვალიშვილის მიერ UFC 316-ზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად მიღებულ შემოსავლებს, რადგან ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, სხვადასხვა უცხოური გამოცემა წერს, რომ ამ გამარჯვებით სპორტსმენმა მინიმუმ 800 ათასი აშშ დოლარი მიიღო.